თეგი: საჯარო მოხელეები

საჯარო მოხელეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ და რუსთაველის გამზირზე აქციას უერთდებიან

რესპუბლიკის მოედანზე საჯარო სექტორის თანამშრომლები შეიკრიბნენ. საჯარო სექტორში დასაქმებულები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ, სადაც უკვე მე-14 დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. „ჩვენი შეკრების მიზეზი ორია: ერთი ის მიმდინარე პროცესი, რაც ქვეყანაში ხდება, 2028 წლამდე წევრობის განაცხადზე უარის თქმა. მეორე, ეხმაურება დაშინების ფორმებს, ჩვენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ვართ და ჩვენი მსვლელობის მიზანია, რომ საზოგადოებას და მათ შორის იმ პირებს, რომლებიც დღესდღეობით წარმოადგენენ ჩვენს დამსაქმებლებს, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენ ვრჩებით კონსტიტუციის და საზოგადოების ერთგული, ვრჩებით ევროპული კურსის ერთგული. ამასთანავე მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტონ ჩვენს მიმართ ძალადობა, დაშინების სხვადასხვა ფორმების გამოყენება, რომლებიც ბოლო პერიოდში მრავლად იყო,“ - განაცხადა მერიის თანამშრომელმა გიგა სოფრომაძემ. ომბუდსმენის ცნობით, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 352 ადამიანი. მათგან, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 226 ადამიანი - 64%; ხოლო 157 ადამიანს აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები - 44%-ს. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.  29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. 5 დეკებერს ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.  

ომბუდსმენი: დაუშვებელი და უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო

დაუშვებელი და უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი შეისწავლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო საჯარო მოხელეთა შრომის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ფაქტებს. „სახალხო დამცველი ეხმიანება როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა მიმართვას, ასევე, სხვა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების საკითხს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება სამუშაო ადგილზე და საჯარო მოხელეებს ამ უფლებით სარგებლობის კონსტიტუციური უფლება აქვთ. საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ამ უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებთან და არ უნდა ატარებდეს თვითნებურ ხასიათს. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს თანასწორობის პრინციპის მნიშვნელობას და საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეახსენებს, რომ დაუშვებელი და უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, ან მათთვის რაიმე სახის მითითების მიცემა დაკავებული პოზიციის საკუთარი სურვილით დატოვებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და შეისწავლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო საჯარო მოხელეთა შრომის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ფაქტებს, ხოლო მოკვლევის შედეგების შესახებ აცნობებს საზოგადოებას,” - ნათქვამია განცხადებაში.