თეგი: საჯარო უწყებები
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხზე მონიტორინგის შედეგები გახდა ცნობილი
2021 წელს განხორციელებული IDFI-ის მონიტორინგის შედეგების თანახმად, ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით 2%-ით გაუმჯობესდა. მცირედით გაუმჯობესებული მაჩვენებელი, ერთი მხრივ შესაძლებელია, შეფასდეს როგორც პანდემიის შედეგად საჯარო დაწესებულებებში შექმნილი არაორდინალური სიტუაციის გავლენის შესუსტება, ხოლო მეორე მხრივ, ცალკეული უწყებების (მაგალითად იუსტიციის სამინისტროს მთლიანი სისტემა) წლების განმავლობაში დამკვიდრებული დაბალი ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესებით, რაც დადებითად აისახა საქართველოს საჯარო სექტორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთო მაჩვენებელზე. IDFI-ის თანახმად, 2021 წელს გაგზავნილ წერილებზე მიღებული პასუხების მაჩვენებლით (82%) კვლავ, შენარჩუნებულია 2014 წლის შემდეგ დამკვიდრებული 80%-იანი კრიტიკული ზღვარი, რაც უმეტესწილად, ცალკეული საჯარო დაწესებულებების მაღალი ანგარიშვალდებულებით არის განპირობებული. კერძოდ, ისეთი, საჯარო დაწესებულებები როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი და სხვა წლების განმავლობაში (მათ შორის კრიზისული მდგომარეობის დროს) ინარჩუნებდნენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელს და ჯეროვნად ასრულებენ საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას. „2021 წელს 285 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 8 446 მოთხოვნიდან IDFI-იმ პასუხი მიიღო 6,961 განცხადებაზე (82%), 2021 წელს საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილი 8 446 მოთხოვნიდან, IDFI-იმ 10 დღიანი ვადის დაცვით ინფორმაცია მიიღო 4,545 შემთხვევაში (54%); 2021 წელს საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (28%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა შიდა აუდიტის ანგარიშების მოწოდებაზე; 2021 წელს, კვლავ განსაკუთრებით პრობლემური იყო ისეთი მოთხოვნების უპასუხოდ დატოვება, რომლებიც პანდემიასთან იყო კავშირში და შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა.მაგ, ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვაზე გაწეული ხარჯების, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის დროს კორონავირუსის დადასტურების შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე და სხვ. 2021 წელს დაწესებულებათა კატეგორიების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს ან უარი განაცხადეს ინფორმაციის მოწოდებაზე სახელმწიფო შპს-ებმა და ა(ა)იპებმა (80% უპასუხო, უარი); ხოლო, სრულყოფილი პასუხების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (84% სრულყოფილი) დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებათა ჯგუფში, რომელიც აერთიანებს: აჭარის ა/რ-ის მთავრობასა და სამინისტროებს, აგრეთვე აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობასა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას. 2021 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით 13-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა (მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სახალხო დამცველის აპარატმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა); 2021 წელს ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით გამცემი უწყებების რიცხვი6-ით შემცირდა. 2021 წელს, IDFI-ის მიერ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად შეფასდა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო; 2021 წელს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს გარდა, კიდევ 14 დაწესებულება (მათ შორის 14 ადგილობრივი თვითმმართველობის მერია და საკრებულო) აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც IDFI-ის ყველა განცხადება უპასუხოდ დატოვა; ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (95,93%) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ - (95,65%) ხოლო ყველაზე დაბალი მთავრობის ადმინისტრაციამ (30,44%) და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ (0%); 2021 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით ორი პროცენტით გაუმჯობესდა (82%); 2021 წელს, წინა წელთან შედარებით სრულყოფილი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 2%-ით გაიზარდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების მაჩვენებელი კი 4%-ით შემცირდა. 2021 წელს სამინისტროებს დაქვემდებარებული უწყებების მიერ უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 25%-ით შემცირდა, ხოლო თვითმმართველი ერთეულების მიერ უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 10%-ით გაიზარდა. 2021 წელს საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის მაჩვენებელი 5%-ით გაუმჯობესდა და 54% შეადგინა. მიუხედავად პროგრესისა, აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის გარდა, 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია“, - წერია ორგანიზაციის შეფასებაში.