თეგი: საჰაერო თავდაცვის სისტეამა
გერმანია ევროპას ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას სთავაზობს
მზარდი საფრთხეების ფონზე, გერმანიამ ევროპას საჰაერო თავდაცვის ახალი ერთობლივი სისტემის შექმნა შესთავაზა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიამ გადაწყვიტა, გააძლიეროს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და სურს, ითანამშრომლოს ევროკავშირის პარტნიორებთან უფრო ფართო სისტემის შესაქმნელად. „ევროპაში საჰაერო და კოსმოსური საფრთხეების წინააღმდეგ თავდაცვის კუთხით სერიოზული ჩამორჩენა გვაქვს. როგორც გერმანია, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ჩავდებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვაში უახლოეს წლებში და ეს ყველაფერი NATO-ს ფარგლებში გაკეთდება. ჩვენ ღია ვიქნებით ჩვენი ევროპელი მეზობლებისთვისაც“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას. შოლცმა შესაძლო პარტნიორებს შორის ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი და სკანდინავიის ქვეყნები დაასახელა. „თუ ჩვენ ერთობლივად განვავითარებთ საჰაერო თავდაცვის სისტემას ევროპაში, ეს მთლიანი ევროპის უსაფრთხოებისთვის მომგებიანი და NATO-ს ფარგლებში ევროპული ფრთის გაძლიერების შესანიშნავი მაგალითი იქნება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.