თეგი: სერგეი ავაკიანცი

საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების შემდეგ, რუსეთის წყნარი ოკეანის სამხედრო ფლოტის მეთაური გადადგა

რუსეთის წყნარი ოკეანის სამხედრო ფლოტის მეთაური, ადმირალი სერგეი ავაკიანცი გადადგა. მანამდე ფლოტი საბრძოლო მზადყოფნაზე მოულოდნელად შემოწმდა. ვიცე-პრემიერ იური ტრუტნევის განცხადებით, სამხედრო ლიდერი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა. ადმირალი უმეთაურებს შტაბს, რომელიც სამხედრო-სპორტული მომზადების და პატრიოტული აღზრდის ცენტრებს გაუწევს კურირებას. ასეთი ცენტრები 12 რეგიონში, მათ შორის მოსკოვის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში შეიქმნება. რუსეთმა წყნარი ოკეანის ფლოტი მზადყოფნაში 14 აპრილს მოიყვანა, რასაც კრემლში რუტინული უწოდეს.  თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბრძანებით, შემოწმების ფარგლებში სამხედრო მანევრები 25 ათასი სამხედროს მონაწილეობით. გეგმის თანახმად, უნდა მოეგერიებინათ სახალინსა და კურილის კუნძულებზე გადასმული დესანტი. „ინსპექტირების მთავარი მიზანია შეიარაღებული ძალების უნარის გაზრდა ოკეანისა და ზღვის მიმართულებიდან სავარაუდო მტრის აგრესიის მოსაგერიებლად", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუნ რუსული სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის განცხადებით კი, რუსეთის საზღვაო ძალები წვრთნების დროს მზადყოფნაში იქნებოდნენ და განლაგდებოდნენ საწვრთნელ ადგილებში, სადაც საბრძოლო წვრთნებს ჩაატარებდნენ.