თეგი: სერჰი კისლიცა
გაეროში უკრაინის ელჩი: კახოვკის ჰესის განადგურება ტერორისტული აქტია - ეს არის კრემლის პასუხი მშვიდობის შესახებ მოწოდებებზე
რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არის ტერორისტული აქტი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომლის მიზანია მაქსიმალური ნგრევისა და მსხვერპლის გამოწვევა, - განაცხადა გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერჰი კისლიცამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მან გაეროს ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ რუსეთი ცრუობს, როდესაც აცხადებს, თითქოს, კაშხალი უკრაინამ ააფეთქა. რუსეთმა დაადასტურა, რომ საერთოდ არ არის დაინტერესებული დეესკალაციითა და მშვიდობით. ელჩის განცხადებით, ნაკლებია იმის შანსი, რომ ქვეყანამ, რომელიც მარიუპოლში, ბუჩასა და იზიუმში ომის დანაშაულთა ჩადენას უარყოფდა, კახოვკის ტექნოგენურ კატასტროფაზე პასუხისმგებლობა აღიაროს, თუმცა, ცნობილია, რომ რუსეთი ადრეც აქტიურად განიხილავდა კახოვკის ჰესის განადგურებას. კისლიცამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ კაშხლის აფეთქება არის კრემლის პასუხი მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ ზოგიერთი ქვეყნის მოწოდებებზე, რაც აჩვენებს, რომ რუსეთს არ აინტერესებს დეესკალაცია და მშვიდობა. კისლიცას თქმით, საჭიროა რუსეთის შეჩერება და გაუვნებელყოფა, ამიტომ, მისი დამარცხება იქნება რეგიონის და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებაში შეტანილი უდიდესი წვლილი.