თეგი: სომხეთის პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს ხვდება. დახვედრის ოფიციალური ცერემონია უკვე გაიმართა, რის შემდეგაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ ვაჰაგნ ხაჩატურიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს. ასევე წაიკითხეთ: სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო  

ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრეზიდენტს ვაჰანგ ხაჩატურიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე. განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომელიც სამ ქვეყანას შორის დიალოგის ფორმატის შექმნას და ურთიერთსასარგებლო მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას. ამასთან, სომხეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს სამშვიდობო დიალოგის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე ენერგეტიკის, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. განიხილეს ვაჭრობის სფეროში არსებული თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში, სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 170.49 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 12%-იანი ზრდაა. ხაზი გაესვა, რომ სომხეთსა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის გაზრდის კიდევ მეტი შესაძლებლობები აქვს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის მინისტრი რობერტ ხაჩატურიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ჰოვჰანისიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი ტატევიკ კარაპეტიანი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე.