თეგი: სოციალური საცხოვრისები

ომბუდსმენი: შემოწმებული სოციალური საცხოვრისებიდან, ზოგან, პირობები ღირსების შემლახავია

სახალხო დამცველის შეფასებით, ეროვნულ დონეზე უსახლკარობასთან დაკავშირებული პრობლემები წლიდან წლამდე უცვლელია და სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ გადაწყვეტას მოითხოვს. „სახალხო დამცველის აპარატმა 2022 წლის იანვარსა და მარტში საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში მოქმედი 11 სოციალური საცხოვრისის მონიტორინგი განახორციელა. ამავდროულად, სამაგიდო კვლევის ფარგლებში გაანალიზა როგორც სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ინსტრუმენტები, ისე, სოციალური საცხოვრისის და ბინის ქირით უზრუნველყოფის სერვისების მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობა. ასევე, დამუშავდა საქართველოს ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. მიუხედავად სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზების მიზნით არსებული მოთხოვნებისა, საქართველოში ამ დრომდე არ შემუშავებულა საცხოვრისის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. არ არსებობს უსახლკარო პირის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცნება, უსახლკარობის პრევენციის მექანიზმები, ინფორმაცია უსახლკარობის მასშტაბებისა და ფორმების შესახებ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეროვნულ დონეზე უსახლკარობასთან დაკავშირებული პრობლემები წლიდან წლამდე უცვლელია და სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ გადაწყვეტას მოითხოვს. არაეფექტური ცენტრალური პოლიტიკის ფონზე, ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სოციალური საცხოვრისისა და ბინის ქირით უზრუნველყოფის სერვისები უსახლკარო ადამიანების მხარდაჭერის ერთადერთ მექანიზმს წარმოადგენს. თუმცა, იმ მუნიციპალიტეტებშიც კი, სადაც აღნიშნული სერვისები მოქმედებს, უსახლკარო პირად მიჩნევის კრიტერიუმები არ შეესაბამება სათანადო საცხოვრებლის უფლების საერთაშორისო სტანდარტებს. თავის მხრივ, ბიუჯეტებში მობილიზებული თანხები სრულად ვერ ფარავს უსახლკარო პირთა ჯგუფებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.