თეგი: სპირიდონ ცქიფურიშვილი
საპატრიარქო: დეკანოზმა საეკლესიო სასჯელი არა დროშის დაწვისთვის, არამედ, სასულიერო პირების შეურაცხყოფისთვის მიიღო
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილმა საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო. განცხადებას საპატრიარქო თან ურთავს საქართველოს საპატრიარქოს სინოდალური კომისიის დასკვნასაც, რომლის თანახმადაც, სხდომა მიმდინარე წლის 26 დეკემბერს გაიმართა. საპატრიარქო გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ დეკანოზის სასჯელის მიზეზი სასულიერო პირთა მიმართ, მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამებია. „ვრცელდება არასწორი ინფორმაცია დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის შესახებ, თითქოს მან საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო. სინამდვილეში მის მიერ გავრცელებულ ერთერთ მიმართვაში იყო სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც არის კანონიკური დარღვევა,” - წერია განცხადებაში. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ წვავენ მღვდლები ევროკავშირის დროშებს, მათ შორის არის დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი. სასულიერო პირებმა ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს ლაშა შარუხიას, რომელსაც მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის საქმეზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სინოდალური კომისიის დასკვნით, დეკანოზი ცქიფურიშვილი წარსულშიც არაერთგზის იყო გაფრთხილებული დისციპლინური და ეთიკური დარღვევებისთვის: "კომისიამ განიხილა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიერ, მასმედიის საშუალებით, ბოლო დროს, სასულიერო პირთა მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს, სინოდალურ კომიისიაზე გამოცხადებამდე, დისციპლინური და ეთიკური დარღვევებისთვის, რისთვისაც არაერთგზის იქნა გაფრთხილებული წარსულშიც, შეუჩერდეს ყოველგვარი მღვდელმოქმედების უფლება," - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ დასკვნაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ სხდომას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი. ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ წვავენ მართლმადიდებელი მღვდლები ევროკავშირის დროშებს. მათ შორის მღვდელი სპირიდონ ცქიფურიშვილი. გავრცელებულ ვიდეოებში ისმის მუქარაც „ოცნების“ მისამართით, მინიშნებით - არჩევნებზე. სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ ლაშა შარუხიას, რომელსაც ბრალი წარუდგინეს მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის საქმეზე. შურუხიას მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.