თეგი: სპორტის სამინისტრო
სიტყვიდან საქმემდე — საწყლოსნო ფედერაციის ახალი პრეზიდენტის უპრეცედენტო პროექტი — საქართველოში დაარსდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების თასი წყალბურთში
საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი აბდუშელიშვილის ინიციატივითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში უპრეცედენტო პროექტი დაიწყება. დაფუძნდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების ლიგა წყალბურთში, რომელიც მთლიანად შავი ზღვის აუზის და რეგიონის ქვეყნებს გააერთიანებს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციისა და წყალბურთის კლუბ „აპოლოს” ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოში შავი ზღვის ქვეყნების ლიგის შესახებ იმსჯელეს. შალვა გოგოლაძემ ხელმძღვანელობას მხარდაჭერა აღუთქვა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები - ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი დოლაბერიძე, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი აბდუშელიშვილი, ასევე, წყალბურთის სხვადასხვა კლუბიდან, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს სპეციალურად ეწვივნენ. ლიგაში შავიზღვისპირა ქვეყნების (საქართველო, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა), ასევე, ლიეტუვის, ხორვატიისა და ყაზახეთის წამყვანი წყალბურთის კლუბები გაერთიანდებიან. შავი ზღვის ლიგის გათამაშების ფორმატზე სპეციალური ჯგუფი იმსჯელებს. ცნობისთვის, სექტემბერში საქართველო და კონკრეტულად ბათუმის ახალი ოლიმპიური აუზი, შავი ზღვის თასის გათამაშების ტურნირის პირველი მასპინძელი იქნება, რომელშიც საქართველოს, თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის, ხორვატიის, ლიეტუვისა და ყაზახეთის წყალბურთის კლუბები მიიღებენ მონაწილეობას.