თეგი: სტრატეგია აღმაშენებელი
"სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
"სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ამასთან, ოპოზიციური პარტიების ლიდერები: გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ და "ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე" შეხვედრას სთავაზობენ. “19-21 ოქტომბერს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, როგორც ევროპელ პოლიტიკოსებთან, ასევე ევროკომისიის იმ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც უშუალოდ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის საკითხებზე მუშაობენ, მათ შორის ჩართული არიან ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი მოთხოვნათა 12 პუნქტიანი ჩამონათვალის შედგენა-მონიტორინგისა და შესრულების შეფასების პროცესში. აღნიშნული ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჩვენ საქართველოს მოსახლეობას გავაცანით ის განწყობა და მოლოდინები, რომელიც ამ შეხვედრების დროს დაგვხვდა. კერძოდ: - ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში თვლიან, რომ საქართველოს ყველა წინაპირობა ჰქონდა, იმისათვის რომ 2022 წლის ივნისში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, თუმცა „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა, ისევე როგორც რიგ შემთხვევებში არ გადადგმულმა ნაბიჯებმა, სტატუსზე უარი და ევროკომისიის მხრიდან მოთხოვნათა 12 პუნქტიანი ჩამონათვალის გაჩენა განაპირობა; - 2022 წლის ბოლოს, ევროკომისიის 12 პუნქტთან მიმართებაში, მაღალი ალბათობით რაიმე სახის შეფასება არ იქნება; - შეფასების მომზადება 2023 წლის თებერვალ-მარტში დაიწყება; მანამდე დაწყების აზრს ვერ ხედავენ რადგან ამ წუთისთვის სახეზე არაა რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი მოთხოვნათა შესრულების კუთხით; - შეფასება დასრულდება და გასაჯაროვდება 2023 წლის ბოლოს; - შეფასება მაღალი ალბათობით იქნება ნეგატიური - ანუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს; - ასეთი მაღალი ალბათობის საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნაწილ პუნქტებთან მიმართებაში ევროკავშირი ელოდება არა მხოლოდ გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ რეალურ, პრაქტიკულ შედეგებს, რომლებიც საჭიროებს დროში დაკვირვებას. ამ პუნქტებთან მიმართებაში „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიგვიანა და პრაქტიკაში დაკვირვების საწარმოებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. დეოლიგარქიზაციის პუნქტი არის ერთ-ერთი ასეთი პუნქტი. ჩვენს ბრიფინგს მოჰყვა სრულიად უპასუხისმგებლო და სასაცილო კომენტარები “ქართული ოცნების” საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან, ისევე როგორც სიუჟეტები სამთავრობო სატელევიზიო არხებზე, გვიწოდეს „უსაქმურები“, „ქვეყნის მტრები“ და ა.შ. მივმართავთ “ქართულ ოცნებას”, თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ, მზად ვართ თქვენთან ერთად ნებისმიერ თქვენს მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე დავსხდეთ, თქვენივე წამყვანით, პუნქტ-პუნქტ გავყვეთ ევროკომისიის მოთხოვნათა ჩამონათვალს და აგიხსნათ, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები თითოეულ პუნქტთან მიმართებაში თქვენს მიერ გადადგმულ თუ არ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და რატომ არის უკვე უკიდურესად დაბალი ალბათობა იმისა, რომ მომავალი წლის ბოლოს საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუ ნებას დაგრთავთ, რა თქმა უნდა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
თეონა აქუბარდია „სტრატეგია აღმაშენებელს“ ტოვებს
თეონა აქუბარდია პარტია „სტრატეგია აღმაშენებელს"ტოვებს, ამის შესახებ თავად აქუბარდიამ საკუთარ Facebook-ზე დაწერა. მისივე თქმით, ის რჩება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც „სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და დამოუკიდებელი დეპუტატი არიან. აქუბარდია პარტიიდან წასვლის მიზეზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს სტრატეგია აღმაშენებელის დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც, მისივე თქმით, არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები მასსა და პარტიის პოზიციებს შორის. „პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გავხდი, თუმცა რაიმე პარტიული თანამდებობა პარტიაში არ მქონია დაკავებული. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით კი ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება. შესაბამისად, ჩემი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში „სტრატეგია აღმაშენებელის" დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები ჩემსა და პარტიის პოზიციებს შორის. ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის სრულყოფილად განხორციელების მიზნით გადავწყვიტე გავხდე დამოუკიდებელი დეპუტატი და გავაგრძელო აქტიურად მუშაობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან და ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. გულწრფელ წარმატებებს ვუსურვებ სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის თითოეულ წევრს და მის ლიდერ გიორგი ვაშაძეს“, - წერს თეონა აქუბარდია.