თეგი: ტაქსის მძღოლი
პროკურატურა: დაკავებამდე ტაქსის მძღოლმა ლიეტუვისა და რუსეთის მოქალაქეები უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ, 500 ლარის გადახდა მოსთხოვა
დაკავებული ტაქსის მძღოლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო არ მიმდინარეობდა. ტაქსის მძღოლმა ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთ-ერთ სასტუმრომდე მიიყვანა და მათ აპლიკაციაში მითითებული თანხის, 23 ლარის ნაცვლად, 195 ლარის გადახდა მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ნაფიც-მსაჯულებმა ერთხმად, 12 ხმით უდანაშაულოდ ცნეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც რუსი ტურისტები, თბილისის ნაცვლად, გომბორში დატოვა ამასთან, პროკურატურა სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას უწოდებს ტაქსის მძღოლის ადვოკატების განცხადებას, რომელსაც გუშინ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანა. მათივე ცნობით, მგზავრებმა პოლიციაში მისვლა და გაუგებრობის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს, თუმცა, მძღოლმა ისინი მათი ნების საწინააღმდეგოდ, ჩაკეტილი კარებით, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. „გვსურს გამოვეხმაუროთ ორი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატების სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ განცხადებას, რომ თითქოსდა, ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო მიმდინარეობდა. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, 2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 04:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი, კომპანია „იანდექსის“ აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით, თბილისში მშრალი ხიდის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ სასტუმრომდე იმგზავრეს, სადაც ბრალდებულმა მათ მგზავრობის საფასურად 195 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა აპლიკაციაში მითითებულ მგზავრობის ღირებულებას - 23 ლარს. აღნიშნულის გამო, მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, რა დროსაც მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს. ხსენებულით განაწყენებულმა ბრალდებულმა დაძრა ავტომანქანა და გაემართა უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და დაზარალებულები პოლიციის განყოფილების ნაცვლად, მანქანის გაუჩერებლად, ჩაკეტილი კარებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან, თუმცა ბრალდებულმა სცადა არ მიეცა დაზარალებულებისთვის ამის საშუალება და კვლავ დაძრა ავტომანქანა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა ავტომანქანიდან და სახისა და კიდურების არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. ავტომანქანიდან მგზავრების გადახტომისა და გაქცევის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, მან გააჩერა ავტომანქანა და მგზავრების ბარგი გზაზე გადაყარა. გადმოხტომით მოძალადისგან თავის დაღწევის შემდეგ დაზარალებულები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს ლიეტუვის მოქალაქის ნაცნობს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-ს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაზარალებულთა დასახმარებლად მივიდნენ. 2022 წლის 13 აპრილს, ტაქსის მძღოლს ბრალდება სსკ-ის 143-3-გ მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა. აქვე ვაცხადებთ, რომ ადვოკატის მხრიდან მსგავსი სიცრუის ტირაჟირება არღვევს ეთიკის ნორმებს. მოვუწოდებთ აღნიშნული ცრუ ინფორმაციის ავტორებს, თავი შეიკავონ საზოგადოებისთვის სენსიტიური თემების გამოყენებით ყალბი ამბების შექმნისგან და გავრცელებისგან”, - ნათქვამია პროკურატურის მიერგავრცელებულ განცხადებაში.
ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც ლიეტუველი და რუსი ტურისტები, თბილისის ნაცვლად გომბორზე დატოვა
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ტაქსის მძღოლი, ამირან ბოკუჩავა უდანაშაულოდ ერთხმად ცნეს. მას რუსეთისა და ლიეტუვის მოქალაქეების თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებოდა ბრალად. ბრალდებულს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება არ საჩივრდება. შემთხვევა 2022 წლის 11 აპრილს მოხდა. ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტიდან წამოყვანილი რუსეთისა და ლიეტუვის მოქალაქეები ტაქსისტმა გომბორთან დატოვა. ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ მგზავრებსა და ტაქსის მძღოლს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურისტებმა მძღოლს რუსულად ლაპარაკი მოსთხოვეს, მან კი უკრაინული სიმღერები ჩართო. „ორი მამაკაციდან, ერთი იყო რუსეთის მოქალაქე, მეორე ლიეტუვის. საქართველოში შეხვდნენ ერთმანეთს. ჩაუსხდნენ მანქანაში, ესაუბრებოდნენ რუსულად, ამირან ბოკუჩავა ესაუბრებოდა ინგლისურად. თავდაპირველად მათ მოსთხოვეს სრულიად საუბარი, რაზეც [მძღოლმა] უარი თქვა. ამის შემდეგ მან ჩართო უკრაინული სიმღერა, რაზეც მოსთხოვეს რომ გამოერთო. შემდეგ წავიდა სიტყვიერი კონფლიქტი რუსეთ-უკრაინის თემაზე. ვინაიდან ამირანი განაწყენდა, რომ ისინი პატივს არ სცემდნენ საქართველოს და უკრაინას, იმის ნაცვლად, რომ წაეყვანა სასტუმროში, წაიყვანა გომბორის მიმართულებით, გააჩერა ავტომობილი და უთხრა: წადით თბილისში ფეხით. ისინი არ გადადიოდნენ ავტომობილიდან, ამირანი გადავიდა, გადმოუღო ბარგი და უთხრა, გადმოდითო. ისინი გადმოვიდნენ, მძღოლმა დაქოქა მანქანა და წამოვიდა. ამის შემდეგ მათ დარეკეს პოლიციაში და განაცხადეს, რომ თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ. თანხის ისტორია მოგონილია". პროკურატურა ამ ვერსიას სიცრუეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ კონფლიქტი მგზავრობის შეუსაბამოდ მაღალი საფასურის გადახდაზე უარმა გამოიწვია, რის შემდეგაც მძღოლმა მგზავრებს თავისუფლება აღუკვეთა და დაუსახლებელ ტერიტორიაზე წაიყვანა.