თეგი: ტელეგრამ-არხი

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ტელეგრამ-არხი შექმნა და რუსეთის მოქალაქეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA)  ტელეგრამ-არხი შექმნა და გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მოუწოდებს რუსებს, ინფორმაცია გაუზიარონ უწყებას. ორწუთიანი ვიდეოს გმირები არიან საჯარო მოხელეები ან ადამიანები, რომლებსაც წვდომა აქვთ დოკუმენტებზე. სააგენტომ ასევე გამოაქვეყნა ვიდეოინსტრუქცია, თუ როგორ უნდა დაუკავშირდნენ მას უსაფრთხოდ. 16 მაისს, დილით, ტელეგრამის არხი თითქმის 700-მა ადამიანმა გამოიწერა, იუწყება RBK. „თქვენი ინფორმაცია შეიძლება, იმაზე უფრო ღირებული იყოს, ვიდრე ფიქრობთ“, - ნათქვამია CIA-ის ტელეგრამ-არხზე. პროექტში ჩართულმა CIA-ს ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ უკრაინის ომმა რუსეთის მოქალაქეებისთვის შექმნა უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა, თავად დაამყარონ კონტაქტი შეერთებულ შტატებთან. „ჩვენ გვინდოდა, რუსებისთვის მათსავე ენაზე გვეთქვა, რომ ვიცით, რის გადატანა უწევთ“,  - ამბობს CIA-ის წარმომადგენელი ანონიმურობის პირობით. CIA მიიჩნევს, რომ უკრაინის ომმა კარგი საფუძველი შექმნა იმ რუს ბიზნესმენებთან, დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც უკმაყოფილონი არიან კრემლის ამჟამინდელი პოლიტიკით. CIA ელოდება მის მიმართ მიმართვებს, უპირველეს ყოვლისა, სამხედროებისგან, რუსეთის დაზვერვის ჩინოვნიკებისგან, დიპლომატებისგან, მეცნიერებისგან და ნებისმიერი ადამიანისგან, ვისაც აქვს ინფორმაცია რუსეთის ეკონომიკის ან მთავრობის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ საკითხის კომენტირებისას RBK-ს განუცხადა, რომ „ძალიან მოსახერხებელი რესურსია მათი თვალთვალისთვის, ვინც [CIA-ს] მიმართავს“. ინფორმაციისთვის, შარშან ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარი მოქმედებების დროს მტრის მხარეზე გადასვლას ღალატთან აიგივებს. სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მუხლი, რომელიც სასჯელს ითვალისწინებს უცხოეთის სადაზვერვო სამსახურებთან რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული „კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის“. ეს მუხლი თავისუფლების რვა წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.