თეგი: ტომ სალივანი
აშშ საქართველოს მმართველ გუნდთან „ჩართულობის კალიბრირებაზე“ საუბრობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ტომ სალივანი საქართველოს მმართველ გუნდთან „ჩართულობის შეზღუდვაზე საუბრობს. სალივანი შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ „ანტიდემოკრატიული ნაბიჯების“ საპასუხოდ, ამერიკამ შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგა. „გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ შეშფოთებული ვიყავით იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია „ქართულ ოცნებას“ საქართველო მიჰყავს; ქვეყანას აშორებს იმას, რაც მოქალაქეების უმეტესობას სურს. ეს არის დასავლეთთან, ევროკავშირთან, NATO-სთან ინტეგრაცია. ასე რომ, ჩვენ ძალიან მკაფიონი ვიყავით, ჩვენ გადავდგით მთელი რიგი ნაბიჯები ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის, ასევე, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციის მხრივ, როდესაც ისინი აგრძელებენ ანტიდემოკრატიული ან ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ადამიანებს თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას არ მისცემს. ამის საფუძველზე, ჩვენ მათთან ჩართულობის კალიბრირებას (to calibrate our engagement) გავაგრძელებთ. ვფიქრობ, თქვენ ნახეთ, რომ ეს აისახა ჩართულობაში ან ჩართულობის ნაკლებობაში ამ კვირაში,“ განაცხადა სალივანმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. მილერი: აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა.