თეგი: ტრანსნაციონალური დანაშაული
პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოური კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა საქართველოში საწარმო დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გაუხსნეს. დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ერთ-ერთი ბრალდებული, გამოგონილი სახელით გაეცნო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს, რა დროსაც დაარწმუნა ისინი, თითქოსდა მისი კომპანია საქართველოსა და საფრანგეთში დიდ სავენახე მეურნეობას ფლობდა და ფინანსური მოგების მიღების მიზნით, საწარმოში ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა. მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებულებმა დაზარალებულებს საწარმოს შემოსავლებისა და მოგების შესახებ ყალბი ინფორმაცია წარუდგინეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, 2020 წლის მაისი-ივლისის პერიოდში, დაზარალებულებს გამოგონილი ე.წ. წარმატებული ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში, თითქოსდა საინვესტიციოდ განკუთვნილი 600 000 ევრო მოტყუებით საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინეს. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის მიზნით, მიღებული შემოსავლები, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, ფიქტიური დანიშნულებებით, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე საზღვარგარეთ გადარიცხეს. აღნიშნულით, ბრალდებულებმა უკანონოდ მიღებული, დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით დაიწყო, რაც თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიული პირის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაყადაღებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების და მათი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები, ბრალდებულების საკუთრებაში არსებული ოთხი ძვირადღირებული უძრავი ქონება და ორი ავტომანქანა. პროკურატურის მიერ ჩატარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები როგორც ფულადი თანხების, ისე უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევის მიზნით. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში დაკავებულებს შორის, მოქმედი ადვოკატებიც არიან
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემა გახსნეს, დანაშაულებრივი ჯგუფის ათეულობით წევრი გამოავლინეს, დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ შსს აცხადებს. მანამდე კი, ამ თემაზე პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. შსს-ს ცნობით, პოლიციის მიერ სხვადასხვა დროსა და ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამ ეტაპზე დაკავებული და პასუხისგებაშია მიცემული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი. „დაკავებულ და პასუხისგებაში მიცემულ პირებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეები. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მიმდინარე წლის 18 ივლისს, აჭარაში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელ პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. გარდა ამისა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 3 პირი: საქართველოს მოქალაქეები და მოქმედი ადვოკატები - 1984 წელს დაბადებული მ.ზ. და 1986 წელს დაბადებული ა.ფ., ასევე თურქეთის მოქალაქე 1971 წელს დაბადებული მ.ჩ. დაკავებული ადვოკატები იყვნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც განკარგავდნენ აღნიშნული ჯგუფის სარგებლობაში არსებულ საბანკო ანგარიშებს. ისინი, ფულის წარმომავლობის დამალვის მიზნით, თანხებს უცხოურ ვალუტაში აკონვერტირებდნენ და უკანონო ნარკოვაჭრობაში ჩართული პირების ანგარიშებზე რიცხავდნენ. დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირები ახდენდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების: ,,ჰეროინის“, ,,კოკაინის“, ,,ბუპრენორფინის“, ,,მეტადონის“, ,,მეტამფეტამინის“, ,,ამფეტამინისა“ და ,,მდმას“ საქართველოში უკანონოდ შემოტანას. ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით აფასოებდნენ და ე.წ. დადების მეთოდით სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხებს კი ათეთრებდნენ. პოლიციამ, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ავტომობილები, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღო ასევე ამოღებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალება - კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებული პირები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ,“ - აცხადებენ შსს-ში. ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს.
პროკურატურა აცხადებს, რომ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა
საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოური კომპანია PROCTER AND GAMBLE-ს ელექტრონულ ფოსტაზე, ბრალდებულებმა პარტნიორი საწარმოს წარმომადგენლის სახელით ყალბი შეტყობინება გაგზავნეს და შედეგად, დაზარალებულ კომპანიას, ჯამში, 333 132 ევრო საქართველოში, მათ მიერ დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. აღნიშნული თანხა ფულის გათეთრების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთ დანაწევრებით გადარიცხეს, რითაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. „ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით - ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღსანიშნავია, რომ ე.წ. პრედიკატ დანაშაულზე - PROCTER AND GAMBLE-ს მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საფრანგეთის რესპუბლიკაში მიმდინარეობს. საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფულის გათეთრების საქმეზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მოახერხეს ერთ მილიონამდე ლარის ეკვივალენტი უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ჩართვა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვიეტნამის მოქალაქემ და მისმა თანამზრახველმა, მათ ხელთ არსებული თანხები ეტაპობრივად განათავსეს საქართველოში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე, რის შემდეგაც თანხების ინვესტირება ძვირადღირებულ უძრავ ქონებებში მოახდინეს, კერძოდ: 2020-2021 წლების პერიოდში, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ორი საცხოვრებელი ბინა, ბათუმში - ასევე ორი საცხოვრებელი ბინა და სამი ავტოფარეხი, ხოლო ლანჩხუთში - მიწის ნაკვეთი შეიძინეს. აღნიშნულით, ბრალდებულებმა მოახერხეს ერთ მილიონამდე ლარის ეკვივალენტი უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ჩართვა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში. გამოძიების ეტაპზე, ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპის ბიბლიოთეკებიდან წიგნების ძარცვის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს
საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ამ ეტაპზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი. უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს. ამისათვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებსა და გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს. პროკურატურის განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების და მათთან დაკავშირებული წიგნების სარეალიზაციო ადგილების ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ასეულობით წიგნი, მათ შორის, ერთ-ერთი დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული, მე-19 საუკუნეში გამოცემული, ფრანგულენოვანი წიგნი. „ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და 3 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა. მათივე ცნობით, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, შვეიცარიის, საფრანგეთის და ლიეტუვის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს. ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, ევროკავშირის ქვეყნების და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების და მათთან დაკავშირებული წიგნების სარეალიზაციო ადგილების ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ასეულობით წიგნი, მათ შორის, ერთ-ერთი დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული, მე-19 საუკუნეში გამოცემული, ფრანგულენოვანი წიგნი. ამ ეტაპზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს. ამისათვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებსა და გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს. წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ - ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ. ზემოხსენებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-23 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების და გამოვლენის მიზნით. საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის მაღალპროფესიონალურად და წარმატებით ჩატარებული ღონისძიებისთვის საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. ასევე, აღნიშნული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის - ევროჯასტისა და ევროპოლის შესაბამის წარმომადგენლებს. ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და პროკურატურა კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ამ მიმართულებით სამომავლო საერთაშორისო ეფექტიანი თანამშრომლობისთვის,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.