თეგი: ტრისტან სარალიძე
მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა
69 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე. ინფორმაციას რუსთაველის ეროვნული თეატრი ადასტურებს: „უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის რუსთაველის ეროვნული თეატრი დღეს! ჩვენი უძვირფასესი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა!“ ტრისტან სარალიძე დაიბადა ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში. 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მსახიობის ნათამაშები როლებია: ჯამბაზი („როლი დამწყები მსახიობი გოგონასთვის“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო („კაცია ადამიანი“), ჯარისკაცი („მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული („12 განრისხებული მამაკაცი“), ლადო („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“) და სხვ. 2010 წელს მიენიჭა ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება. გადაღებული იყო რამდენიმე ფილმში, მათ შორის, „სიყვარული ყველას უნდა“, „ბეღურების გადაფრენა.“