თეგი: უკრაინის რადას თავმჯდომარე
უკრაინის რადას თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: მიზანშეწონილია, „არასათანადო“ ვუწოდოთ მოწვევას, რომ ჩავიდეთ მეგობარ ქვეყანაში და ვნახოთ მისი უბედურება?
უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პასუხობს. სტეპანჩუკი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მისი მიწვევა ბუჩასა და ირპინში „შეუფერებლად“ შეაფასა. "პაპუაშვილი შეუძლებლად მიიჩნევს უკრაინაში წასვლას, ვიდრე „უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები სრულად არ გააცნობიერებენ იმ ძლიერ მხარდაჭერას“, რომელსაც საქართველო უკრაინის მიმართ იჩენს, მხარდაჭერის მაგალითად კი საერთაშორისო არენაზე უკრაინისთვის ხმის მიცემა არის დასახელებული. კიევი აფასებს ნებისმიერ მხარდაჭერას, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან იღებს. მისივე თქმით, უკრაინა აფასებს და ყოველთვის აფასებდა მოძმე ქართველი ხალხისგან მიღებულ გულწრფელ მხარდაჭერას. ერთადერთი, რაც მიუღებელი უსიამოვნების განცდას მიჩენს, არის კითხვა: არის თუ არა მიზანშეწონილი, „არასათანადო“ ვუწოდოთ მოწვევას, რომ ჩავიდეთ მეგობარ ქვეყანაში და ვნახოთ მისი უბედურება, მწუხარების გაზიარებას, მხარდაჭერის გამოხატვას? ვფიქრობ, მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე. ჩემი აზრით, ამაზე ლაპარაკობდა დიდი შოთა რუსთაველი: „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“, – წერს უკრაინის რადას თავმჯდომარე, - წერს სტეფანჩუკი. უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ აფასებენ მოძმე ქართველი ხალხის გულწრფელ მხარდაჭერას და დღეს, არაერთი ქართველი მებრძოლი უკრაინელებთან ერთად უკრაინას იცავს რუსეთისგან, ისევე, როგორც 2008 წელს უკრაინელები მხარში ედგნენ ქართველებს. სტეფანჩუკის განცხადებით, 2008 წელს, რუსეთთან დაპირისპირების პირველივე დღეებიდან უკრაინა საქართველოს მხარს უჭერდა პოლიტიკურ, საინფორმაციო, საერთაშორისო და სამხედრო დონეზე და საქართველო საკუთარ ცას იცავდა უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით. როგორც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე წერს, მხარდაჭერა ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს და ყველა, ვინც ამას აკეთებს, მოქმედებს გარემოებების, სინდისის და მოვალეობის გრძნობის მიხედვით. ცნობისთვის, 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა, მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ იპოვეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი. „რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.