თეგი: უმბერტო პანერაი
საქართველოში, ლეგენდარული უმბერტო პანერაი იმყოფება - წყალბურთის მეკარეების სპეციალიზებული ცენტრი იხსნება
წყალბურთის განვითარების მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი იწყება. საქართველოში, რეგიონში, მეკარეების სპეციალიზებული მომზადების პირველი ცენტრი გაიხსნება. ინიციატივა საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნულ ფედერაციას და მის ახალ პრეზიდენტს დიმიტრი აბდუშელიშვილს ეკუთვნის. მისი მიზანია, საწყლოსნო მიმართულებები მაღალი სტანდარტების შესაბამისად განავითაროს. პროექტის ფარგლებში თბილისში ჩამოვიდა წყალბურთის ლეგენდარული იტალიელი მეკარე და მწვრთნელი, კარიერის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მეკარე უმბერტო პანერაი. ის იტალიის ეროვნული ნაკრების კარს მრავალი წლის განმავლობაში იცავდა. დღეს სპორტულ კომპლექს ,,ოლიმპიკში'' პირველი ვარჯიში გაიმართა, რომლის დროსაც, პანერაი ქართველ მეკარეებს პირადად ავარჯიშებდა. ვარჯიშისას, ტექნიკას, პოზიციონირებას, რეაქციას, თამაშის ტაქტიკასა და მანევრირებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, უშუალოდ ლეგენდარული მეკარისგან მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და განავითარონ საკუთარი უნარები. ახალი ცენტრი მეკარეებს შესთავაზებს სრულად სპეციფიკურ პროგრამას, რაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წყალბურთის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. უმბერტო პანერაი წყალბურთში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევა. ის არის სამი ოლიმპიური თამაშის მონაწილე და მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი ახალგაზრდა მეკარეების განვითარებას მნიშვნელოვნად წაადგება, რაც საქართველოს ნაკრების მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია.