თეგი: უორენ ბაფეტი

უორენ ბაფეტს სურს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, $121-მილიარდიანი ქონების 99% ქველმოქმედებას მოხმარდეს

ამერიკელმა მილიარდერმა, უორენ ბაფეტმა პირობა დადო, რომ გარდაცვალების შემდეგ თავისი ქონების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით თავისი აქციონერებისადმი მიძღვნილ წერილში თქვა, რომ თავს ჯერჯერობით კარგად გრძნობს. თუმცა დიდი სურვილი აქვს, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი ქონები საქველმოქმედო მიზნებს ღიად და საჯაროდ მოხმარდეს. ბაფეტმა ამ კვირაში Berkshire Hathaway-ის $868 მილიონიანი აქციები საქველმოქმედო ფონდებს, მათ შორის მისი გარდაცვლილი მეუღლის სახელობის ორგანიზაციასაც გადასცა. მადლიერების დღისადმი მიძღვნილი დონაციის ტრადიცია ბაფეტმა 2006 წელს წამოიწყო. 93 წლის მილიარდერმა განაცხადა, რომ მისი ანდერძი დუგლასის საოლქო სასამართლოში განთავსდება და ის ღია იქნება საზოგადოებისათვის. ანდერძის აღსრულებაზე პასუხისმგებლები მისი 65-70 წლის ასაკის შვილები იქნებიან. ბაფეტის თქმით, სამივე შვილმა ერთხმად უნდა იმოქმედოს, ასევე მათი შემთხვევითი გარდაცვალების შემთხვევაში, ახალი მემკვიდრეები უნდა დანიშნონ. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, $120,8-მილიარდიანი ქონებით ბაფეტი მსოფლიოს მე-9 უმდიდრესი ადამიანია.