თეგი: უსახლკაროები
ომბუდსმენის აპარატი: გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალურ საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას
საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალური საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს გორის, ოზურგეთის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას - მაქსიმალურად დაჩქარებული წესით განიხილოს ყოფილი ნარკოლოგიურის ცენტრში მცხოვრები უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის საკითხი. „2022 წლის თებერვლისა და მარტის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალური საცხოვრისები შეამოწმა და დაადგინა, რომ სოციალურ საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას. ოზურგეთის და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში იდენტიფიცირებულ პრობლემებზე საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა დამატებით, წერილობით მიმართა სამივე ადგილობრივ თვითმმართველობას და ბენეფიციართა ობიექტებიდან დაუყოვნებლივ განსახლება და ადამიანის ღირსების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის მოთხოვნა არცერთმა მუნიციპალიტეტმა არ გაიზიარა, რითაც კიდევ ერთხელ იქნა უგულებელყოფილი უსახლკაროთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე. ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში განსაკუთრებით შემაშფოთებელი მდგომარეობაა. შენობა, რომელშიც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელად დღემდე არ გარდაქმნილა, მოსახლეებმა საკუთარი ოთახები თვითონ გადააკეთეს, კუსტარულად; შესაბამისად, მუდმივ საცხოვრებელად უვარგისია. საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე. ამ პირობებში წარმოუდგენელია ჰიგიენის დაცვა და კვების პროდუქტების უსაფრთხოდ შენახვა. ობიექტში არსებული უკიდურესად მწვავე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები ხელს უწყობს პარაზიტოლოგიური დაავადებების, მწერების, მღრღნელებისა და ქვეწარმავლების გავრცელებას, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის შენობის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, გორის სოციალურ საცხოვრისში სრულად უგულებელყოფილია საცხოვრებლის სათანადოობის სტანდარტები. შედეგად, მობინადრეებს შემაშფოთებლად მძიმე, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში უწევთ ცხოვრება. აქ არსებული ინფრასტრუქტურული გარემო სრულიად მოუხერხებელია შშმ პირებისთვის. მობილობის შეზღუდვის მქონე და ეტლით მოსარგებლე პირები, ფიზიკური გარემოს მიუწვდომლობის გამო, თვეების მანძილზე მაღალ სართულზე არიან გამოკეტილი და ეზღუდებათ გადაადგილების უფლება. მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები განსაკუთრებულად ღირსების შემლახავია შშმ პირებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ თვითმოვლას და ვერც შესაბამისი ასისტენტისა და მომვლელის სერვისით სარგებლობენ. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს ყოფილი სამშობიაროს შენობაში განთავსებული ოზურგეთის სოციალური საცხოვრისი. მიუხედავად ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისა, 50-მდე ოჯახი მაინც უკიდურესად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. შენობაში გაუმართავია სადრენაჟო სისტემა და ძლიერი ნესტის შედეგად დაბინძურებულია ჰაერი. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაა შენობის პირველ სართულზე, სადაც აყრილია იატაკი, დაობებულია კედლები და ჭერი, წვიმის დროს გუბდება წყალი და ჰაერი ისე მძიმდება, რომ პერიოდულად სუნთქვა შეუძლებელი ხდება. შექმნილ მდგომარეობაში მობინადრეები ხშირად ავადდებიან, განსაკუთრებით ბავშვები და ხანდაზმულები. შენობას არ აქვს მისასვლელი გზა, გარე პერიმეტრი არ არის კეთილმოწყობილი და არც გასართობი სივრცეებია ბავშვებისთვის. ქუთაისის სოციალური საცხოვრისი ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაშია განთავსებული. 90 ოჯახი პრივატული გარემოს გარეშე, გამუდმებული საყოფაცხოვრებო ხმაურის პირობებში ცხოვრობს. მცირე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართები არასაკმარისია და შენობა გადატვირთულია; სადრენაჟო სისტემის არარსებობის გამო ჰაერი მუდმივად ნესტიანი და დაბინძურებულია. შენობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს და მაცხოვრებლებისთვის არ არის შექმნილი ღირსეული პირობები. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლება მხოლოდ ჭერის ქონას, ანუ თავშესაფრით უზრუნველყოფას არ ნიშნავს. სათანადო საცხოვრებლის უფლება გულისხმობს ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლებასა და შშმ პირთათვის სერვისებით სრული მისაწვდომობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, აღნიშნული უფლება მოიცავს არა მხოლოდ საცხოვრისით, არამედ სათანადო საცხოვრისით დაკმაყოფილების ვალდებულებას, რაზეც ზემოხსენებული დაწესებულების მობინადრეებს ხელი არ მიუწვდებათ. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს გორის, ოზურგეთის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას - მაქსიმალურად დაჩქარებული წესით განიხილოს ყოფილი ნარკოლოგიურის ცენტრში მცხოვრები უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის საკითხი, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს ობიექტიდან მათ განსახლებას და ადამიანის ღირსების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.