თეგი: ფარული მოსმენა-მიყურადების საქმე
იურისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლო უკანონო, ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე, ევროსასამართლოში საჩივრები გაიგზავნა
2021 წელს იურისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლო უკანონო, ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე, ევროსასამართლოში საჩივრები გაიგზავნა. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებმა, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ", გუშინ, 28 ივნისს წარადგინეს სტრასბურგში. საქმე ეხება 2021 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სავარაუდოდ, უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ - ფაილებში აღწერილია ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატებისა და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია. საჩივრების ავტორები აღნიშნავენ, რომ გავრცელებულ ფაილებში არსებული ინფორმაციის ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, მომჩივნებმაც: დავით ჯანდიერმა, ნატალია ფერაძემ, გიორგი ონიანმა, გიორგი მშვენიერაძემ და გურამ იმნაძემ, დაადასტურეს. საჩივრების ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი საქართველოში ფარული მოსმენა-მიყურადების კანონმდებლობის კონვენციურ სტანდარტთან შეუსაბამობის გასაჩივრებაა. მათივე განცხადებით, საჩივრების ერთ-ერთი სადავო საკითხია 2021 წლის პირველი აგვისტოსა და 13 სექტემბრის ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება. მომჩივნების თქმით, ამ დრომდე თბილისის პროკურატურას არ მიუნიჭებია პირებისთვის დაზარალებულის სტატუსი, ხოლო, გენერალური პროკურატურა უმოქმედოა. "შიდა ინსტანციები რაც გავიარეთ, პროკურატურის, სასამართლოს თვალსაზრისით, აღმოჩნდა არადამაკმაყოფილებელი და ცალსახად არაობიექტური. ქვეყნის არცერთი ინსტანცია ამ საქმეზე არ რეაგირებს. გაყინულია პროცესები, უცნობია, საერთოდ რას აკეთებენ", - ამბობს საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი. ცნობისთვის, გასული წლის 12 სექტემბერს გვიან ღამით, სავარაუდოდ, სუსის მიერ წარმოებული ჩანაწერების შესახებ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული - „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“. მასში განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატების და სხვა მოქალაქეების კომუნიკაციის შესახებ.