თეგი: ფაუჩი
პროფესორი ენტონი ფაუჩი თანამდებობას ტოვებს
ცნობილმა ამერიკელმა პროფესორმა და იმუნოლოგმა ენტონი ფაუჩიმ 22 აგვისტოს განაცხადა, რომ 50 წლიანი სამსახურის შემდეგ დეკემბერში თანამდებობას დატოვებს. ფაუჩი ინფექციური დაავადებების დარგში აშშ-ის ხელისუფლების მთავარი ექსპერტის, ისე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) დირექტორის, პოსტებს ტოვებს. „გასული 38 წლის განმავლობაში, როგორც NIAID-ის დირექტორს, მქონდა დიდი პატივი, მემსახურა შეერთებული შტატების შვიდ პრეზიდენტთან, დაწყებული პრეზიდენტი რონალდ რეიგანით. ასევე მემუშავა ახალი და განვითარებადი ინფექციური დაავადებების, მათ შორის აივ/შიდსის საფრთხეების განეიტრალებაზე“, - აცხადებს ფაუჩი. „ჩემთვის პატივი იყო ამ უწყებისთვის მეხელმძღვანელა, თუმცა არ ვაპირებ პენსიაში გასვლას “, - განაცხადა 81 წლის ფაუჩიმ. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ენტონი ფაუჩიმ აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში საქმიანობა 1968 წელს დაიწყო, ხოლო დირექტორის თანამდებობა 1984 წელს შიდსის ეპიდემიის დროს დაიკავა.