თეგი: ფიგურული ციგურაობა

ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია

ფინეთის ქალაქ ესპოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში ფიგურულ ციგურაობაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ 199,91 ქულით 30 სპორტსმენს შორის პირველი ადგილი დაიკავა. „კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე და გამორჩეული მოვლენა, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული სპორტის ზამთრის  სახეობების ისტორიაში.  ქართველ მოციგურავეთა წარმატებების საგანძურს ყველაზე ძვირფასი, ევროპის ოქროს მედალი შეემატა და ეს ყველაფერი ისევ პირველად...ჩვენი  საქართველოსათვის...ფინეთის "ესპო მეტრო  არენას" ყინულის დარბაზში ქართული დროშის ფონზე, ქართული ეროვნული ჰიმნის ქვეშ თვალცრემლიანი  ანასტასია გუბანოვას გვერდით, მისი ფედერაცია, ერთგული ქართველი გულშემატკივარი და დარბაზში მის მხარდასაჭერად მოსული ქართული დიასპორა კიდევ დიდხანს იამაყებს ამ გამარჯვებით“, - ნათქვამია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღესვე მოცეკვავე წყვილებს შორის იასპარეზებენ გიორგი რევია და მარია კაზაკოვა, რომლებიც პირველი გამოსვლის შემდეგ მე-8 ადგილზე არიან. ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს სახელით ასევე მიიღეს მონაწილეობა ნიკა ეგაძემ და მორის ყვითელაშვილმა, რომლებიც მე-7 და მე-16 ადგილზე გავიდნენ.  

ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ მოციგურავეთა ქართველმა წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ წყვილებში, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამა კარიერისთვის სარეკორდო - 71,30 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა, ასპარეზობაში კი, თავისუფალ პროგრამაში, მათ 124,84 ქულა მოაგროვეს და ორი პროგრამის შედეგად 196,14 ქულით ვერცხლის მედლები დაიმსახურეს. ჩემპიონატის პირველადგილოსანმა იტალიურმა წყვილმა ქართველებს 3,05 ქულით აჯობა. ქართული ფიგურული სრიალის ისტორიაში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა პირველი სპორტულ წყვილია, რომელმაც ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. უფროსი ასაკის კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატზე წყვილმა პირველად იასპარეზა.