თეგი: ფრანკო ბარეზი
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფრანკო ბარეზი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ებრძოდა. 2025 წლის აგვისტოში მას ფილტვის კვანძის ამოსაკვეთად ოპერაცია ჩაუტარდა და მას შემდეგ რეგულარულად გადიოდა იმუნოთერაპიის კურსს. „წარმოუდგენლად მძიმეა ისეთი ადამიანის დაკარგვის შესახებ ამბის გაცხადება, რომელიც „მილანის“ გულსა და სულს განასახიერებდა. ამ უმძიმეს წუთებშიც კი ძლიერები უნდა ვიყოთ. ფრანკო თავისი ბოლო საჯარო გამოსვლიდან სულ რაღაც რამდენიმე თვეში დავკარგეთ – როდესაც ის გადაჭედილ „სან სიროზე“, მილანის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარდგა – მსოფლიო მასშტაბის მოვლენაზე, რომლის დაუვიწყრად ქცევაშიც მან თავისი წვლილი შეიტანა. ფრანკოს ხსოვნის პატივსაცემად ჩვენ ერთიანი ვართ, რადგან ვიცით, რომ ის გზას გაგვინათებს და „როსონერის“ რიგებში ჩვენი სავალის მანძილზე მუდამ წინ წაგვიძღვება. სამუდამოდ. იმიტომ, რომ ბარეზი მარადიულია,“ – წერს საფეხბურთო კლუბი „მილანი“. ბარეზი „მილანის“ ღირსებას 20 წლის განმავლობაში იცავდა – მას კარიერის განმავლობაში სხვა გუნდში არ უთამაშია. იტალიის ეროვნული გუნდის რიგებში მან 81 შეხვედრა ჩაატარა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონია. ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო იტალიელმა ფეხბურთელმა ექვსჯერ მოიგო სერია A, სამჯერ – ჩემპიონთა თასი. 1997 წელს „მილანმა“ მის პატივსაცემად 6-ნომრიანი მაისური გამოყენებიდან სამუდამოდ ამოიღო.