თეგი: ქალები კონფლიქტებში

სალომე ზურაბიშვილი: უკრაინაში ქალებმა საკუთარი როლი შეასრულეს, მინდა, უკრაინის პირველ ლედის გადავცე ეს გზავნილი და სოლიდარობა

უკრაინაში რასაც ვხედავთ, ქალებმა საკუთარი როლი შეასრულეს. ისინი არიან მაქსიმალურად მდგრადები და სრულად ჩართული პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ბრიუსელში, სადაც მონაწილეობდა დისკუსიაში – „ქალები კონფლიქტებში“. სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს ხვდება მისივე თქმით, ეს არის საზოგადოების ერთიანობის გამოხატულება. სალომე ზურაბიშვილმა ქართველი ქალების სახელით, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. „ალბათ არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს სურათებს, რასაც ვხედავთ უკრაინაში უკვე 106 დღის განმავლობაში მიმდინარე ომის დროს. ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს ძალადობრივ ომს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც მოძმე სახელმწიფოდ აცხადებდა. პარადოქსი სახეზეა. შენ არ გაუკეთებ ასეთ რამეს ახლობელ სახელმწიფოს და ხალხს. რუსეთი ამ ხალხს კლავს ყოველდღე, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს. ჩვენ ვიცით, რომ კონფლიქტებში პირველი მსხვერპლი ქალები არიან. ჩვენ გვქონდა ეს გამოცდილება რუსეთის სამი აგრესიის პერიოდში. ქალები იყვნენ მსხვერპლთა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის, მაგრამ რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ არის ის, რომ ქალებმა საკუთარი როლი შეასრულეს, ისინი არიან მაქსიმალურად მდგრადები და სრულად ჩართული პროცესში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ექსტრაორდინალური გამოხატულებაა საზოგადოების ერთიანობისა. ეს არ არის ომი, რომელსაც კაცები ხელმძღვანელობენ, ეს არის ომი, რომელსაც სათავეში უდგას მთელი უკრაინელი ერი, რაც იმსახურებს ჩვენს აღტაცებას. მინდა, უკრაინის პირველ ლედის გადავცე ეს გზავნილი და სოლიდარობა ყველა ქართველი ქალის სახელით, რომელთაც ახლა მე წარმოვადგენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ბრიუსელში დაგაგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა სამი ბაჰუსი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი.