თეგი: ქვეშეთი

ქვეშეთის კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბი გაიჭრა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM-ით (Tunnel Boring Machine)  - გვირაბის საბურღი დანადგარით წარმოებდა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებას. ამასთან, გრძელდება 9 კმ-იანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე, 7 730 მ-ზეა გაჭრილი. „ახალი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. მოცემულ ეტაპზე, 9 კმ-იან გვირაბში დაიწყება საბოლოო მოსახვის, ელექტრო და საინჟინრო სისტემების მონტაჟისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაო. ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობას. საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. ახალი გზა არა მხოლოდ ამცირებს მგზავრობის დროს და გვთავაზობს საიმედო გადაადგილების მარშრუტს, არამედ აუმჯობესებს კავშირებს ჩვენი ქვეყნის რეგიონებს და მთის სოფლებს შორის. პროექტი იქონიებს დიდ სოციალურ ეფექტს იმ ათი სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა რამდენიმე თვის განმავლობაში საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე. ახალი გზა გადაჭრის ზამთრის პერიოდში სატრანზიტო მოძრაობის ხშირი შეზღუდვების პრობლემასაც. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.