თეგი: ქრთამი
პროკურატურამ ქრთამის აღების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ქრთამის აღების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელს და ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტმა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ პირს სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით კონკრეტული თანხა მოსთხოვა, რომელიც მეორე მხარემ ბრალდებულს სხვადასხვა დროს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ამავე საჯარო მოხელემ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, პირადი გამორჩენის მიზნით, მოქალაქეს უპირატესობა მიანიჭა და გარემოს დაბინძურების ფაქტთან დაკავშირებით გამოვლენილ სამართალდარღვევაზე სათანადო რეაგირება არ განახორციელა. აღნიშნულის სანაცვლოდ კი სამშენებლო მასალა მიიღო. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე 19 დეკემბერს დააკავეს. საჯარო მოხელეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება, 2 ეპიზოდი) და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით (ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად, 2 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტებზე ეროვნული სატყეო სააგენტოს ორი თანამშრომელი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2023 წლის აპრილის თვეში, ქრთამის აღების ფაქტებზე, სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ორი თანამშრომელი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი სამოქმედო სატყეო უბნებიდან მიწის ნაყოფიერი ფენის უნებართვოდ მოპოვებისა და გამოტანის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ქრთამის სახით მოსთხოვეს და მიიღეს ფულადი თანხები, რა დროსაც მოხდა მათი მხილება. აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.