თეგი: ქრისტიანობა

ირაკლი ღარიბაშვილი: ქრისტიანული ღირებულებები საფუძვლად უდევს ქართველთა თვითშეგნებას და საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ისტორიას

1917 წლის 25 მარტს ეკლესიის თვითმმართველობის აღდგენით ქართველი ხალხი დაუბრუნდა მართლმადიდებლობის უძველეს ტრადიციებს, დაიწყო ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მძიმე გზა და ამავე დროს, გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, დღევანდელ დღეს უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ეს არის ეკლესიის დამოუკიდებლობისა და ავტორიტეტის კიდევ ერთი დადასტურება, ამავე დროს აღიარება იმ მნიშვნელოვანი როლის, რომელსაც ეკლესია ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, მთლიანად ქართულ საზოგადოებას გულითადად ვულოცავ ავტოკეფალიის აღდგენის 106-ე წლისთავს. 1917 წლის 25 მარტს ეკლესიის თვითმმართველობის აღდგენით ქართველი ხალხი დაუბრუნდა მართლმადიდებლობის უძველეს ტრადიციებს, დაიწყო ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მძიმე გზა და ამავე დროს, გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ. დღეს მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ, ავტოკეფალიის აღდგენა სრული სახით, ოფიციალურად აღიარება უძველესი ავტოკეფალიისა, სულ ახლახან, 1990 წელს, მისი უწმინდესობის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის უდიდესი შრომისა და საერთაშორისო ავტორიტეტის წყალობით მოხერხდა. ქრისტიანული ღირებულებები საფუძვლად უდევს ქართველთა თვითშეგნებას და საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას. თანამედროვე ეპოქაშიც, ევროპული საქართველოს შენებისას, სწორედ ის ტრადიციული ღირებულებები გვიმაგრებს ზურგს, რომელთაც დედაეკლესია განასახიერებს. ამდენად, დღევანდელ დღეს უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს – ეს არის ეკლესიის დამოუკიდებლობისა და ავტორიტეტის კიდევ ერთი დადასტურება, და ამავე დროს – აღიარება იმ მნიშვნელოვანი როლისა, რომელსაც ეკლესია ასრულებს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და უკეთესი მომავლის შენებაში. მშვიდობას, კეთილდღეობას და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს ეკლესიას, საქართველოს და მის ხალხს. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, – წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.