თეგი: ყარაგანდა-ჟეზკაზგანის გზატკეცილი

ყაზახეთმა ვაშინგტონში გააფორმა შეთანხმება ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე

ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის შტაბ-ბინაში, ყაზახეთის დელეგაციამ ყარაგანდა-ჟეზკაზგანის გზატკეცილის მშენებლობის დაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ყაზახეთის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი სერიკ ჟუმანგარინი, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ვიცე-პრეზიდენტს ანტონელა ბასანის და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. ამჟამად, პროექტის ტენდერი დასკვნით ეტაპზეა. გზატკეცილი 457 კილომეტრზე იქნება გადაჭიმული, სესხის ოდენობა კი, 650 მილიარდ ტენგეს შეადგენს. პროექტირებისა და მშენებლობის დაწყება წელს იგეგმება. შეთანხმება სს „კაზავტოჟოლს“, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის დაიდო. პროექტი მიზნად ისახავს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონული კავშირის გაუმჯობესებას. ახალი გზა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს, გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას და დამატებით იმპულსს მისცემს ცენტრალური ყაზახეთის განვითარებას. პროექტი ასევე მოახდენს ლოგისტიკის მოდერნიზებას, რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.