თეგი: ყატარი
ჩინეთმა და კატარმა უმსხვილესი, 27-წლიანი გარიგება გააფორმეს - ჩინეთი არაბული სახელმწიფოსგან წელიწადში, 4 მილიონ ტონა თხევად ბუნებრივ აირს შეისყიდის
ჩინეთის ნავთობის ეროვნულმა კორპორაციამ (CNPC) და QatarEnergy-მ ხელი მოაწერეს 27-წლიან შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოსგან წელიწადში 4 მილიონ ტონა თხევად ბუნებრივ აირს (LNG) შეისყიდის. ამის შესახებ Reuters-ი წერს. CNPC ასევე მიიღებს წილს კატარის თხევადი გაზის პროექტის აღმოსავლეთით გაფართოებაში, განაცხადა QatarEnergy-ის ხელმძღვანელმა, საად ალ-ქააბიმ ხელმოწერის დროს. „დღეს ჩვენ ვაფორმებთ ორ შეთანხმებას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ძლიერ ურთიერთობებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და კატარის ენერგეტიკული პროდუქტების საკვანძო ბაზართან“, - აღნიშნა ქააბიმ. იდენტური გარიგების ფარგლებში, ნოემბერში, QatarEnergy-მა 27-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა ჩინურ Sinopec-თან. კატარი მსოფლიოში LNG-ის მთავარი ექსპორტიორია. LNG-ზე კონკურენცია გაიზარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, განსაკუთრებით, ევროპას სჭირდება დიდი თანხები რუსული გაზის ჩანაცვლებისთვის, რომელიც ადრე კონტინენტის იმპორტის თითქმის 40%-ს შეადგენდა. ჩინეთის ეროვნული ნავთობის კორპორაცია არის ჩინეთის ნავთობისა და გაზის მთავარი ეროვნული კორპორაცია და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ინტეგრირებული ენერგეტიკული ჯგუფი. მისი შტაბ-ბინა პეკინში მდებარეობს.