თეგი: შანხაის ორგანიზაციის სამიტი
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სამარყანდში - ვინ მონაწილეობს და რა მიზნები აქვთ
უზბეკეთის დედაქალაქი სამარყანდი 15-16 სექტემბერს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტს უმასპინძლებს, რომელიც 22-ედ იმართება. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის მნიშვნელობა იზრდება. როგორც თურქული მედია წერს მოსალოდნელია, რომ სამიტზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ. საგულისხმოა, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტში, წელს პირველად, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები, ასევე დამკვირვებელი და მოწვეული ქვეყნების პირველი პირებიც მონაწილეობენ, რაც ღონისძიებას უფრო მასშტაბურს ხდის. „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტს, სამარყანდში 15 ქვეყნის ლიდერი დაესწრება. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სამიტზე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ორგანიზაციის ახალი ეპოქის დასაბამი გახდება. სამიტს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფონზეც, რომ პირველად იმართება მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესა. რიგი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამიტის მონაწილეები, დასავლეთის სანქციების ფონზე რუსეთთან მიმართებით სოლიდარობას გამოხატავენ. ვინ მონაწილეობს სამარყანდის სამიტში: „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტს 15 ქვეყნის ლიდერი დაესწრება. წევრი ქვეყნები - რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი, ინდოეთი და უზბეკეთი; დამკვირვებელი ქვეყნები - ბელორუსი, მონღოლეთი და ირანი; მოწვეული ქვეყნები - თურქმენეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. სამიტს, ასევე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და 10 საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის ლიდერი დაესწრება. მოსალოდნელია, რომ სამიტზე მიღებული იქნება 30-მდე დოკუმენტი, რომლებიც ორგანიზაციის განვითარებასთან, რეგიონული ვაჭრობის ზრდასთან, მრეწველობისა და ტრანსპორტის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასთანაა დაკავშირებული. ასევე ერთობლივ პროექტებსა და აქტივობებთან მწვანე სფეროში. ეკონომიკა, ინოვაციები, ციფრული ტექნოლოგიები, ლოჯისტიკა, სოფლის მეურნეობა, მედიცინა და სხვა სფეროებია 2022 წლის სამიტის ინტერესის სფერო, ხოლო სამარყანდის დეკლარაცია, მთავარი დოკუმენტი, რომელიც სამიტის ბოლოს მიიღება, ასახავს მონაწილე ქვეყნების კონკრეტულ პოზიციებს ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ პრობლემებზე. დოკუმენტი შეიცავს საერთო მიდგომებს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების, რეგიონული სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების შემდგომი გაღრმავების, სატრანსპორტო დერეფნების გაუმჯობესებისა და კულტურული კავშირების გაღრმავების მიმართ. უზბეკეთის პრეზიდენტი სამარყანდის სამიტის შესახებ „სამარყანდი შესაძლოა, გახდეს ის პლატფორმა, რომელიც შეძლებს გააერთიანოს სხვადასხვა შიდაპოლიტიკური პრიორიტეტის მქონე ქვეყნები“, - ამბობს უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიევი. მისი თქმით, ისტორიულად ისე დალაგდა, რომ სამარყანდიდან მსოფლიო ერთიანი მოჩანს. „ეს არის უნიკალური ფენომენის არსი - „სამარყანდის სული", რომლის საფუძველზეც შეიძლება „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში“ საერთაშორისო თანამშრომლობის ფუნდამენტურად ახალი ფორმატი შეიქმნას,“ - აღნიშნა უზბეკეთის პრეზიდენტმა. „აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამარყანდში სამიტის მიმდინარეობისას, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ახალი წევრებით შეივსება და ჩამოყალიბდება ორგანიზაციის მომავალი დღის წესრიგი - და ეს ძალიან სიმბოლურია“, - განაცხადა მირზიევმა. მომზადებულია უცხოური მედიის მიხედვით წაიკითხეთ Europetime- სტატია „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის