თეგი: შაურმა
საშაურმეში ტრიქინელოზი დაფიქსირდა - სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა. "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შემოვიდა შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს საშაურმეში „ბალუ“ (შპს „მწვადის შაურმა 2018“, ს/კ438730928, მის: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი „ა“ მ/რ, კორპ.58-ის მიმდებარედ). არაგეგმური ინსპექტირებისას, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, სურსათის ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა და სხვა. შპს „მწვადის შაურმა 2018-ს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობა - ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე; ასევე, საშაურმეს მიეცა მითითება, აღკვეთოს არასათანადოდ ეტიკეტირებული სურსათის ბაზარზე განთავსება და რეალიზაცია, სანამ არ მოახდენს სურსათის ეტიკეტირებას კანონმდებლობის შესაბამისად. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს საშაურმეში გამოყენებული ნედლეულის - ბასტურმის პარტიისა და გაყინული ღორის ხორცის იდენტიფიცირებას. ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით, ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) უმი ან არასაკმარისი თერმული დამუშავების ხორცის საკვებად მიღებისას. ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სურსათის სააგენტომ შაურმით მოწამვლის ფაქტი გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება კლინიკურად დადასტურებული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევის შესახებ. ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ შვიდმა ადამიანმა საკვებად მიიღო საშაურმე „დონ ჩიჩოს“ მიერ წარმოებული შაურმა. „შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „დონ ჩიჩო 2007“, ს/კ 405668004; მის: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას N59) სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელეს. საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე კი გაიცა მითითებები გონივრული ვადის გათვალისწინებით. გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორებმა, ლაბორატორიული კვლევის მიზნით, აიღეს სხვადასხვა სახის სურსათის ნიმუში (ქათმის შაურმა, ქათმის შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ხორცი, სალათის ფოთოლი (გარეცხილი, დაჭრილი) და გაყინული ქათმის ბარკალი. ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები, კერძოდ: ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმებით; ასევე აღმოჩნდა კოაგულაზა დადებითი სტაფილოკოკი და კოლიფორმები. კოლიფორმები გამოვლინდა სალათის ფოთოლშიც. საკვებისმიერი მოწამვლა არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია დაბინძურებული სურსათის მიღებით, უმეტეს შემთხვევაში, სურსათი დაბინძურებულია ბაქტერიებით ან ვირუსებით,“ წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.
სალმონელოზის დადასტურების გამო, თბილისში, ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საშაურმე OK-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მიზეზი სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევაა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე „OK“-ში (წერეთლის გამზირი 22). ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „მადლი“ - საშაურმე “OK”, ს/კ 404581877) სახელმწიფო კონტროლი - არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს და აიღეს სურსათის ნიმუშები (შაურმა ღორის ხორცით, შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ღორის ხორცი, სალათის ფოთოლი, ქათმის ბარკალი და გაყინული ღორის ხორცი). ლაბორატორიული კვლევის შედეგად შაურმასა და შაურმისთვის განკუთვნილ შემწვარ ღორის ხორცში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი - Salmonella, ასევე Proteus spp (პროტეუსის ბაქტერია), კოლიფორმები, აერობული მიკროორგანიზმები და ობის სოკოები. შპს „მადლს“ კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; ასევე დაევალა გენერალური რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება, ინვენტარის ზედაპირებიდან ნიმუშების აღება და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. სურსათის სააგენტომ შაურმით მოწამვლის ფაქტი 15 მარტსაც გამოავლინა.