თეგი: შაქრიანი დიაბეტი
ზურაბ აზარაშვილი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა მათ პროგრამულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირველი ივნისიდან ინსულინისა და დიაბეტის მართვისთვის საჭირო მასალების - ტესტის ჩხირებისა და სისხლის ასაღები ნემსების 3-თვიანი მარაგები გაიცემა. ამასთან, მისივე თქმით, მშობლები და ბენეფიციარები სახარჯ მასალებსაც ინსულინთან ერთად, იმავე ლოკაციაზე მიიღებენ და სხვადასხვა მისამართზე მისვლა აღარ მოუწევთ. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, დაკორექტირდა გაცემის თარიღიც - ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, მარაგები მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე 10 დღით ადრე, ნებისმიერ დროს მიიღონ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გაიზარდა დიაბეტის მართვის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მარაგები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახლა უკვე 60 სააფთიაქო დაწესებულებაში გაიცემა. გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას კი, ბენეფიციარებს თბილისსა და რეგიონებში 10 სხვადასხვა დაწესებულება მიაწვდის. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სისხლის უწყვეტი მონიტორინგის სისტემაზეც (CGM) ისაუბრეს, რომელიც დიაბეტის მართვის პროგრამის ფარგლებში გაიცემა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ბენეფიციარები Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობებს მიიღებენ, რომლებიც მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს. მინისტრის განმარტებით, Medtronic-ის CGM სისტემის გამოსაყენებლად, საჭიროების შემთხვევაში, მობილურ ტელეფონებს სამინისტრო თავად შეისყიდის. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მართვის პროგრამის კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ბენეფიციართა მშობლებს შორის კომუნიკაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ეკა შარაძე.
შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის, უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო - ჯანდაცვის სამინისტრო
შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, კომპანია Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა - Guardian 4 მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს. „ეს არის დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. როგორც მე-3, ისე მე-4 თაობის მოწყობილობა მუდმივ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, აფიქსირებს გლუკოზის მაჩვენებლებს, გამოსცემს განგაშის სიგნალს, რაც სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა. Guardian 4 შესწავლილი და დამტკიცებულია 7 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. კომპანიის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისგან, არ გაიცა რეკომენდაცია 7 წლამდე ასაკის ბავშვებში Guardian 4-ის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული სისტემა 7-18 წლის მოზარდებისთვის გაიცემა. 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი Guardian 3 სენსორების გაცემა გრძელდება. სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ექსპერტებთან და Medtronic-ის წარმომადგენლებთან ერთად, მათი რეკომენდაციის საფუძველზე განიხილავს, ასაკის დაწევისა და მეოთხე თაობის აპარატით, 7 წლამდე ბავშვების უზრუნველყოფის შესაძლებლობას. რაც შეეხება სმარტფონებს, განცხადებით მომართვის საფუძველზე, მობილური ტელეფონებით უზრუნველყოფილები იქნებიან შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, ასევე, ოჯახები, რომლებშიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია, 18 წლამდე ასაკის, ორი ან მეტი ბენეფიციარი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.