თეგი: შოთა აფხაიძე
უკრაინის პრეზიდენტმა შოთა აფხაიძე სანქცირებულთა სიაში შეიყვანა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, 15 იანვრის განკარგულებით, ორგანიზაცია „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის“ დამფუძნებელი შოთა აფხაიძე სანქცირებულთა სიაში მოხვდა. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წინადადებით, პერსონალური, სპეციალური ეკონომიკური შემზღუდავი ზომების (სანქციების) შესახებ დოკუმენტში ცვლილებები შევიდა. სანქციები უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვას, აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების სრულ შეწყვეტას და სხვა ზომებს ითვალისწინებს. 1981 წელს დაბადებული შოთა აფხაიძე დოკუმენტში რუსეთის მოქალაქედ არის აღნიშნული. მითების დეტექტორის ცნობით, შოთა აფხაიძე „ევრაზიის ინსტიტუტს” მას შემდეგ შეუერთდა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტიკური პატიმრის სტატუსით დატოვა. ის სასჯელს 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრის და სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი დანაშაულის გამო იხდიდა. დაკავებამდე აფხაიძე მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პუბლიცისტი იყო. აფხაიძე 2013 წელს ასევე მონაწილეობდა “კავკასიური თანამშრომლობის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც ჩრ. ოსეთში, ყაბარდო-ბალყანეთსა და დაღესტანში ტურს გულისხმობდა. შოთა აფხაიძემ სწორედ ამ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ”სააკაშვილმა 2008 წელს ოსი ხალხის გენოციდი ჩაატარა”. 2015 წელს აფხაიძემ “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი” დააფუძნა. აფხაიძე ხშირად ჩნდება ისეთ მედიებში როგორიცაა სპუტნიკი, ცარგრად ტვ, Новостной Фронт და სხვა. შოთა აფხაიძე რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში 2017 წლის ივლისში ე.წ. „ქართული მარშის“ ორგანიზებით გამართული ქსენოფობიური და ანტი-მიგრაციული მსვლელობის ორგანიზატორად პოზიციონირებდა. შოთა აფხაიძე სხვადასხვა ინტერვიუში აშკარად გამოირჩეოდა ღიად პრორუსული და ანტიდასავლური გზავნიულებით. 2019 წლის ნოემბერში შოთა აფხაიძემ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული ტელეარხ Zvezda-ას გადაცემისთვის „ღია ეთერი” (“Открытый эфир’”) სიუჟეტი მოამზადა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საომარი მოქმედებების დროს ორგანოებით ვაჭრობის შესახებ კრემლის პროპაგანდისტულ შეთქმულებას ასახავდა. კრემლისტურ გამოცემა News Front-ის ქართულენოვან ვერსიაში 2020 წელს შოთა აფხაიძე რედაქტორად იყო მოხსენიებული, თუმცა “მითების დეტექტორთან” მოგვიანებით მან ეს ფაქტი უარყო.