თეგი: შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვნის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა

არაგეგმიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი 5 თვის განმავლობაში მუშაობდა მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე, რომლის მოვალეობაში შედიოდა ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (საქონლის შიგთავსის გადაყრა, ხორცის მანქანაში ჩატვირთვა და ტერიტორიის დასუფთავება ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე და ა.შ.), - ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა, რომ მუშაობის დაწყებიდან მალევე კომპანიის უფლებამოსილი პირი (დირექტორის მოადგილე/საქმისმწარმოებელი) მას სისტემატიურად სთხოვდა, სასაკლაოს მომიჯნავედ არსებული, მისი კუთვნილი ფერმის საქმიანობაში დახმარებას, რაც გულისხმობს მსხვილფეხა საქონლის მოვლას. ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი სამსახურიდან გაგდების მუქარით, თვეების განმავლობაში აიძულებდა არასრულწლოვანს მისი პირადი ფერმის საქმიანობის შესრულებას, რაშიც ის არანაირ გასამრჯელოს არ იღებდა. "მუშაობის დაწყებიდან 5 თვის თავზე, არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის უშუალო ხელმძღვანელს ფერმაში საქმიანობის შესრულებაზე, რის შემდეგაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს და ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან. ყოველივე ამის საფუძველზე, შრომის ინსპექციის სამსახურმა დაადგინა იძულებითი შრომის ფაქტი. ამას გარდა, ასევე დარღვეულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაც ( 01-126ნ), რომლის მიხედვითაც აკრძალულია არასრულწლოვნის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამსახურში დასაქმება. მსხვილფეხა საქონლის სასაკლაო და ფერმა კი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება. შრომის ინსპექციის სამსახურმა ორგანზიაციას არასრულწლოვნის იძულებითი შრომისა და შრომითი უფლებების დარღვევისათვის ჯარიმა დააკისრა 10 000 ლარის ოდენობით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

შრომის ინსპექციის სამსახურმა „რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დააჯარიმა

შრომის ინსპექციის სამსახურმა „რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა. მიზეზი დღეს მომხდარი ინციდენტი გახდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი დასაქმებული. ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს. უწების ცნობით, ობიექტზე კვლავ მიმდინარეობს ინსპექტირების პროცესი. „პირველადი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ინციდენტი გამოიწვია კუსტარულად დამზადებული ხარაჩოს ჩატყდომამ. ადგილზე არსებული დარღვევები წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება. სს ,,რუსთავის აზოტი“-ს ობიექტზე შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ კრიტიკული შეუსაბამობები დადგენილ იქნა და სამუშაოები შეჩერებულ იქნა2022 წლის ივლისშიც. მხოლოდ 2021 წელს, შრომის ინსპექციის სამსახურმა, ობიექტის მიმართ სამუშაო ადგილზე არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად 32 მითითება გასცა, რომელიც ამჟამად გასაჩივრებულია „რუსთავის აზოტის“ მიერ. შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, 2 წლის განმავლობაში კრიტიკული შეუსაბამობების განმეორებით გამოვლენისთვის განსაზღვრულია ფულადი სანქცია ბრუნვიდან გამომდინარე. შესაბამისად სს ,,რუსთავის აზოტი“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, ასევე დაჯარიმდება 50 000 ლარით. ამჟამად, „რუსთავის აზოტში“ მიმდინარეობს სრული ინსპექტირების პროცესი და დამატებითი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ზომები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.  

„რეტროსა“ და „რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერდა, კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდა

შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“  და „შპს რესტრო 2“-ს  სამუშაო პროცესი შეუჩერა. უწყების მიერ შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“  და „შპს რესტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა. უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორ ზეგანაკვეთური ასევე კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით. ამჟამად კომპანიიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას შრომის ინსპექციის სამსახური სწავლობს. შეგახსენებთ, რესტორან `რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კაცი ძალადობის მუხლით არის დაკავებული. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.