თეგი: შსს მომსახურების სააგენტო
25 აპრილიდან მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულოა
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 25 აპრილიდან „B” და „BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორ ეტაპიანი ხდება. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება. მძღოლობის კანდიდატს, რომელიც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება, გამოცდის ჩაბარება საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე მოუწევს: - დაუსახლებელ პუნქტებში; - ავტომაგისტრალზე ან სხვა მსგავს გზაზე ან იმ გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით; - დასახლებულ პუნქტებში, გზებზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით. მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად, არანაკლებ 25 წუთის განმავლობაში მოუწევს კონკრეტული მარშრუტით გადაადგილება. იზრდება გამოცდაზე გასვლის საფასურიც და თუკი აქამდე თეორიული ნაწილის ჩასაბარებლად საფასური 40 ლარი იყო, მომავალ მძღოლებს დამატებით, კიდევ 90 ლარის გადახდა მოუწევთ ანუ გამოდის, რომ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველი ნაწილი 40 ლარი რჩება და ამას დაემატება 90 ლარი უკვე მეორე ეტაპზე. „ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი მეორე ეტაპზე - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში გადაინაცვლებს. თითოეული საგამოცდო სამსახურისათვის რამდენიმე საგამოცდო მარშრუტია შემუშავებული, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდება. გამოცდების რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარება წარმოადგენს როგორც დირექტივის იმპლემენტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს, ასევე საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პრევენციულ ინსტრუმენტს, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და ამაღლდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ცოდნის დონე“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.