თეგი: ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი
ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: მარიტა საქართველოს ჩემპიონი იყო, მისი ცხოვრება იყო სკოლა და ჩოგბურთი
საშინელი ტრაგედიაა, განადგურებულები ვართ ყველა, - განაცხადა ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მისულმა ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე მეტრეველმა. ვაკეში მდებარე სამების ეკლესიაში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი, მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს „განადგურებულები ვართ ყველა, რა უნდა გითხრათ არც ვიცი. მარიტა ნაკრების წევრი იყო და ჩემს თვალწინ არის გაზრდილი. რომელი ერთი მიღწევა გავიხსენო, საქართველოს ჩემპიონი იყო“,- განაცხადა ალექსანდრე მეტრეველმა. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.