თეგი: ჩრდილოეთი-სამხრეთი
ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იზრდება
დსთ-ს ქვეყნებს შორის სატრანსპორტო თანამშრომლობის სფეროში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ორშაბათს დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრის ფარგლებში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ყაზახეთ-თურქმენეთი-ირანის რკინიგზა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ სატრანსპორტო დერეფნის განხორციელებაში. „ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობის ახალი მექანიზმები და ფორმატები დსთ-ში სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნა თოყაევმა. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი (სსდ) “ჩრდილოეთი–სამხრეთი”- ეს არის მგზავრებისა და ტვირთების ტრანსპორტირების მულტიმოდალური (ტვირთების ან მგზავრების ტრანსპორტირება ერთი ხელშეკრულების მიხედვით, მაგრამ სრულდება ტრანსპორტის არანაკლებ 2 სახეობით) მარშრუტი სანქტ–პეტერბურგიდან ბუმბაის (ინდოეთი) პორტამდე. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის “ჩრდილოეთი-სამხრეთის” შექმნა ინიცირებული იყო რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ კასპიისპირეთის რეგიონის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის - “ჩრდილოეთი-სამხრეთის” შექმნის იდეა 1993 წელს გაჩნდა, მაგრამ შესაბამის შეთანხმებას მხოლოდ 2000 წლის 12 სექტემბერს მოაწერეს ხელი რუსეთმა, ირანმა და ინდოეთმა, რატიფიკაცია კი 2002 წელს მოხდა. 2005 წელს პროექტს შეუერთდა აზერბაიჯანი. მოგვიანებით, “ჩრდილოეთი-სამხრეთის” შეთანხმებას შეუერთდა 10-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის: სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი. იდეის რეალიზაცია დამუხრუჭდა დასავლეთის მიერ ირანისთვის სანქციების დაწესების გამო. 2016 წლის იანვარში, სანქციების მოხსნის შემდეგ, პროექტმა კვლავ შეიძინა აქტუალურობა. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის, “ჩრდილოეთი-სამხრეთის” სიგრძე 7 ათას კმ-ზე მეტია. ამ დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის სარკინიგზო მაგისტრალზეა, რომელზეც გადის მარშრუტის სახმელეთო ნაწილის 35-53%. რუსეთისთვის ამ დერეფნის ძირითადი მიმართულებაა ბუსლოვსკაია-სანქტ-პეტერბურგი-მოსკოვი-რიაზანი-კოჩეტოვკა-რტიშჩევო-სარატოვი-ვოლგოგრადი-ასტრახანი. ამ მიმართულების სიგრძე 2 513 კმ-ია. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი “ჩრდილოეთი-სამხრეთის” სამხრეთი ნაწილი ითვალისწინებს სარკინიგზო მაგისტრალებით ტვირთების გადაზიდვის რამდენიმე მარშრუტს: ტრანსკასპიის მარშრუტი: რუსეთის საზღვაო პორტების - ასტრახანის, ოლიას, მახაჭყალისა და ირანის პორტების - ბენდერ-ენზელის, ნოუშეჰერისა და ბენდერ-ამირაბადის - გამოყენებით; დერეფნის დასავლეთის შტო - პირდაპირი სარკინიგზო ხაზი სასაზღვრო გადასასვლელების გავლით - სამური (რუსეთი) - იალამა (აზერბაიჯანი), შემდეგ - ირანის სარკინიგზო ქსელი სასაზღვრო გადასასვლელების ასტარა (აზერბაიჯანი) - ასტარას (ირანი) გავლით; დერეფნის აღმოსავლეთი განშტოება - ეს არის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა ყაზახეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის გავლით ირანის სარკინიგზო ქსელამდე გასვლით: სერაქსი (თურქმენეთი) - სერაქსი (ირანი) და აკიაილა (თურქმენეთი) - ინჩე ბურუნი (ირანი). ამჟამად სწორედ ზემოაღნიშნული მარშრუტით მოძრაობს რუსეთის საექსპორტო ტვირთები აზერბაიჯანსა და ირანში.