თეგი: ჩრდიოლოეთ კაროლინა
ჩრდილოეთ კაროლინამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინის შტატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში ოქსანა მარკაროვამ სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter-ი.) დაწერა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ნოემბერში, აშშ-ის კიდევ სამმა შტატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. უკრაინის უმაღლესმა რადამ დემოკრატიულ სახელმწიფოებს მოუწოდა, აღიარონ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად. უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს პროცესი გააქტიურდა. არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ გაიზიარა უკრაინის მოწოდება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად 13 ოქტომბერს აღიარა. 2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული. საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.