თეგი: ცივი ომი
კრემლმა აშშ-ს ცივი ომისდროინდელ გავლენის სფეროებად დაყოფის მოდელზე დაბრუნება შესთავაზა - NYT
აბუ დაბიში მრავალმხრივი მოლაპარაკებების დროს მოსკოვის დელეგაციამ აშშ-ის წარმომადგენლებს, 1946-1991 წლების ცივი ომის მოდელზე დაფუძნებული ურთიერთობების დაბრუნება შესთავაზა. რუსულმა მხარემ მსგავსი იდეები ასევე გამოთქვა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე. ხსენებული წინადადება ევროპის გავლენის ზონებად დაყოფას და მოსკოვისთვის ვარშავის პაქტის განახლებულ ვერსიაზე დომინირების უფლების მიცემას გულისხმობს, იუწყება The New York Times ამერიკელ დიპლომატებზე დაყრდნობით. რუსეთის წარმომადგენლების მტკიცებით, 1946–1991 წლების ცივი ომის მოდელი და „ვარშავის პაქტის“ მსგავსი სისტემა ამცირებდა პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის რისკს, რის გამოც ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა სწორედ ამ პრინციპებს უნდა დაეფუძნოს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმeრ მედინსკიმ, ასევე ისაუბრა „ახალი, თანამედროვე იალტისა და პოტსდამის“ შექმნის აუცილებლობაზე. NYT-ის წყაროების ცნობით, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეეცადნენ, მიენიშნებინათ, რომ სამყარო ძალიან შეიცვალა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მაგრამ პუტინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა, ცივი ომის ფაქტობრივ დაბრუნებას „უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი საფუძვლები“ უწოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ იდეა კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ პუტინს „სიზმრებში 1945 წლის იალტა ელანდება.“ ტრამპის ადმინისტრაციამ მოსკოვს ევროპის უსაფრთხოების ახალ შეთანხმებაზე საკუთარი ხედვისა და „სიმეტრიული ზომების“ დოკუმენტის მომზადება სთხოვა. პარალელურად, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა მოითხოვეს, რომ სამშვიდობო პროცესის შემდეგ რაუნდში აუცილებლად ჩაერთონ ევროპელი დელეგატებიც. კრემლის წარმომადგენლების მიერ ნოემბერში ევროპელებისა და ამერიკელებისთვის არაფორმალურად შეთავაზებული გეგმები და მოთხოვნები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, ზოგადად, „მეორე ცივი ომის“ ლოგიკას შეესაბამება. უპირველეს ყოვლისა, მოსკოვის წარმომადგენლები უკრაინასთან მშვიდობას საკუთარი პირობებით მოიაზრებენ: კიევის ოფიციალური უარი NATO-ში გაწევრიანებაზე, დონბასის ორივე რეგიონის რუსეთისთვის სრულად გადაცემა და მეზობელი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების შემცირება. კრემლი მოითხოვს, რომ NATO-მ თავისი ჯარები და სამხედრო ბაზები 1997 წლის საზღვრებამდე დააბრუნოს, ხოლო საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვან ევროპის სხვა ქვეყნების დასაცავად ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ასევე, NATO-ს მიერ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის [პოსტსაბჭოთა] რესპუბლიკებში ნებისმიერი აქტივობისგან თავშეკავებას. პუტინმა ადრე არაერთხელ შეაფასა უაროფითად ცივი ომი და დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა რუსეთთან ახალ დაპირისპირებაში ჩათრევაში. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო ასეთი კონფლიქტის არსებობის ნებისმიერი სურვილი. „არ მინდა, ვიფიქრო, რომ ჩვენ რაღაც „ცივი ომის“კენ მივდივართ და დარწმუნებული ვარ, არავის სურს ეს. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ეს,“ - განაცხადა პუტინმა 2016 წელს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე. ექსპერტებისა და კვლევითი ცენტრების, მათ შორის CEPA-ს შეფასებით, „იალტის შეცდომის“ გამეორება აშშ-ის გლობალურ პოზიციებს დაასუსტებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მოსკოვისთვის გავლენის სფეროს დათმობა ავტომატურად ნიშნავს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სუვერენიტეტის დათმობას, რაც ასევე სახიფათო პრეცედენტს შექმნის ჩინეთისთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.