თეგი: ცხენის ხორცი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოავლინა

სახეობრივი კვლევის შედეგად, ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მოკვლევის მიზნით აღნიშნული ფაქტი სამართალდამცავ უწყებებს გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერის“ (გლდანი ა. მიკრორაიონი, 48 კორპუსის მიმდებარედ) შემოწმებისას, სახეობრივი კვლევისთვის ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. კვლევის შედეგად ფარშის შემადგენლობაში ცხენის და ვირის დნმ-ი გამოვლინდა. ობიექტს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, პროდუქციის ამოღება/გამოთხოვა დაევალა, რის აღსრულებაზეც ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს. ასევე, სააგენტოს ინსპექტორებმა, გადამოწმებისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებით აიღეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ , მოკვლევის მიზნით აღნიშნული ფაქტი სამართალდამცავ უწყებებს გადასცა. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე დაკლული ცხენის და ვირის ხორცის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ცხოველთა სასაკლაო კუსტარულად ჰქონდათ მოწყობილი, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით, ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას ახორციელებდნენ, რომლის რეალიზაციასაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბაზარში არსებული სავაჭრო ობიექტიდან საქონლის ხორცის სახით ახდენდნენ. უწყების ცნობითვე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტიდან და სასაკლაოდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ცხენის ხორცი, ასევე აღმოჩენილ იქნა რამდენიმე ათეული ცხენი, რომლის დაკვლაც და რეალიზაციაც წინა საახალწლოდ იგეგმებოდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე, 362-ე და 219-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.