თეგი: წერა-კითხვა
ცნობილია, მსოფლიოში რამდენმა ადამიანმა არ იცის წერა-კითხვა
ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 771 მილიონმა ადამიანმა წერა-კითხვა არ იცის. ამას იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები ადასტურებს. მსოფლიოში ზრდასრული ადამიანების საერთო რაოდენობაში, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, ორი მესამედი ქალია. ამავდროულად, ბოლო 50 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ახალგაზრდების წიგნიერების დონის ზრდა დაფიქსირდა. წიგნიერების გლობალური მაჩვენებელი 15+ ასაკობრივი ჯგუფისთვის 1990 წელს 74%-მდე გაიზარდა, 2000 წელს 81%-მდე, 2010 წელს 84%-მდე, ხოლო 2020 წელს ზრდა 87%-ია. კვლევაში ნათქვამია, რომ შეიარაღებული კონფლიქტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში უარყოფითად აისახება განათლების შესაძლებლობებზე. აღნიშნულია, რომ ომების შედეგად მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა ავღანეთში, იემენსა და უკრაინაში სახლები დაეტოვებინა. UNHCR-ის მონაცემებით, უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო 200-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება განადგურდა და თითქმის 2000 სკოლა დაზიანდა. კვლევაში ხაზგასმულია, რომ ეს პირდაპირ აისახება განათლების მიღების პროცესზე. კვლევაში ასევე აღნიშნულია, თუ რა უარყოფითი გავლენა ჰქონდა პანდემიას განათლების სისტემაზე. მოსალოდნელია, რომ COVID-19-ის შედეგების გამო, მსოფლიოში დაახლოებით 24 მილიონი ბავშვი და მოზარდი ვეღარ შეძლებს, რომ სასწავლო პროცესს დაუბრუნდეს. მათგან 11 მილიონი, გოგოა. იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, წიგნიერების უკიდურესად დაბალ დონე აფრიკასა და სამხრეთ აზიაშია. მსოფლიოში წიგნიერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სუბსაჰარის აფრიკაშია და 34%-ს შეადგენს. მსოფლიოს წერა-კითხვის უცოდინართა 27 % სამხრეთ აზიაში, 6 % ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ცხოვრობს. ევროპაში წერა-კითხვა მხოლოდ მოსახლეობის 1%-მა არ იცის. აფრიკის კონტინენტზე ყოველი მეხუთე ბავშვი სწავლის შესაძლებლობას მოკლებულია. ხოლო 12-14 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ყოველი მესამე სკოლაში არ დადის.