თეგი: წინაგარი

წინაგარის ოსური მოსახლეობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან დაკავებებს აპროტესტებს

18 ივლისს ოკუპირებულ სოფელ წინაგარში დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ჩავიდა. წინაგარი ხურვალეთს და ბერშუეთს ესაზღვრება. ოსური მედიის ცნობით, იქ მცხოვრებმა ადამიანებმა გაგლოევს შესჩივლეს, რომ რუსეთის მესაზღვრეები ხშირად აკავებენ და აჯარიმებენ. როგორც ამბობენ, ეკონომიკური საქმიანობის დამამტკიცებელი საბუთების არარსებობის გამო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ ჯარიმებს ვერ აუდიან. ხშირად ე.წ. სასაზღვრო ზონაში საქონლის გადაყვანის გამო აკავებენ და აჯარიმებენ. რადიო თავისუფლების ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტმა განმარტა, რომ კანონი ვრცელდება „სასაზღვრო ზონის" ყველა მცხოვრებზე და მესაზღვრეები იცავენ ხელშეკრულების პუნქტებს, რომელსაც მხარეებმა - რუსეთის ფედერაციამ და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა 2008 წლის შემდეგ მოაწერეს ხელი. ამასთან, მან გასცა შესაბამისი ბრძანება ამ საკითხის შესწავლისა და მოსახლეობისთვის ყველაზე მისაღები გამოსავლის მოძებნის მიზნით. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრის დარღვევის ნახევარი წლის სტატისტიკა ივლისის დასაწყისში გამოაქვეყნა. „კა-გე-ბე"-ს ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ცნობით, გასული 6 თვის განმავლობაში, ე.წ. სასაზღვრო კანონმდებლობა 185-მა პირმა დაარღვია, მათგან 8 ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დამრღვევია, 86- ე.წ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის, ხოლო 91- ე.წ. სასაზღვრო ზონის რეჟიმის კანონდამრღვევი. გავრცელებულ ცნობაშია აღნიშნულია, რომ დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე გამოძიება ჩაატარა. დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს ცნობით, „121 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 3 პირი გააძევეს რესპუბლიკიდან, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლით. ჯარიმების გარეშე გაფრთხილებულია 46 პირი, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 7 პირის მიმართ“, - ნათქვამია დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს პრესსამსახურის განცხადებაში. ამ სტატისტიკის მიხედვით, ე.წ საზღვრის და სასაზღვროს ზონის დარღვევის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა დიდი ნაწილი დააჯარიმეს. ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს 8 მოქალაქე იხდის სასჯელს.