თეგი: წყალქვეშა ინფრასტრუქტურა
6-მა ქვეყანამ ჩრდილოეთ ზღვის ნაწილში, წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვის შეთანხმება გააფორმა
ბრიტანეთმა და ევროპის სხვა დიდმა ქვეყნებმა, რომლებსაც საზღვაო საზღვრები აქვთ ჩრდილოეთ ზღვაზე, ხელი მოაწერეს შეთანხმებას წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დასაცავად, მათ შორის, რუსეთის შესაძლო თავდასხმებისგან დასაცავად, ერთობლივი მუშაობის შესახებ. ექვსმა ქვეყანამ - ბელგიამ, ბრიტანეთმა, დანიამ, გერმანიამ, ნორვეგიამ და ნიდერლანდებმა - ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მათ ინფორმაციის გაზიარების საშუალებას მისცემს. წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენების საფრთხეების დაცვაზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა ყურადღება მას შემდეგ გაამახვილეს, რაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე 2022 წლის სექტემბერში აფეთქებები მოხდა. აღნიშნული მილსადენები რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით გაზის გადასაზიდად შეიქმნა. 2023 წლის მაისში NATO-მ განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, წყალქვეშა კაბელების დივერსია მოახდინოს, რათა დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერისთვის დასაჯოს. ამასთან, ღაზაში ომის დაწყების შემდეგ გლობალური უსაფრთხოების რისკები კიდევ უფრო გაიზარდა.