თეგი: ხორცპროდუქტები

თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ლილოს დასახლებაში, იგორ ტყემელაძის 14 ა ნომერში, ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო გამოავლინეს, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით საქმიანობდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საწარმოში გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოვლინდა. სეს-ის განმარტებით, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშეც ფუნქციონირებდა. „სახეობრივი კვლევის მიზნით (ცხენისა და ვირის იდენტიფიკაცია), აღებულია ნიმუშები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში (სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია). ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, კანონმდებლობის შესაბამისად. სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებელთა ჯანმრთელობა და უფლებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო: სურსათის ნიმუშებში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა არ გამოვლინდა

გამოკვლეული ხორცის და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, თევზისა და თევზის პროდუქტების, ბავშვთა კვების 118 ნიმუშში, ტყვიის შემცველობა ნორმას შეესაბამებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სურსათსა და წყალში აქტიურად იკვლევს მძიმე მეტალების, მათ შორის ტყვიის შემცველობას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში, გურიის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. შედეგად, გამოკვლეულია ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, თევზისა და თევზის პროდუქტების, ბავშვთა კვების 118 ნიმუში, საიდანაც ტყვიის შემცველობა ყველა შემთხვევაში ნორმას შეესაბამებოდა. დარღვევების მინიმუმამდე შემცირება ბოლო წლებში გააქტიურებული კონტროლის, სააგენტოს მიერ მიღებული სპეციალური ზომებისა და ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაციის შედეგია. 2017 წელს, სხვადასხვა დასახელების სურსათის 712 ნიმუშიდან, ნორმასთან შეუსაბმობა 97 შემთხვევაში აღინიშნა, ხოლო 2021 წელს გამოკვლეულ 500-მდე ნიმუშში, ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს არცერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა. სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნიმუშების აღებასა და კვლევას განაგრძობს. ტყვია არის მძიმე ლითონი, რომელიც შესაძლოა ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში საკვებისა და წყლის გზით მოხვდეს, ჭარბი რაოდენობით იგი მომწამვლელია. სწორედ ამიტომ, ტყვიის შემცველობა სურსათსა და წყალში დასაშვებ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოავლინა

სახეობრივი კვლევის შედეგად, ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მოკვლევის მიზნით აღნიშნული ფაქტი სამართალდამცავ უწყებებს გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერის“ (გლდანი ა. მიკრორაიონი, 48 კორპუსის მიმდებარედ) შემოწმებისას, სახეობრივი კვლევისთვის ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. კვლევის შედეგად ფარშის შემადგენლობაში ცხენის და ვირის დნმ-ი გამოვლინდა. ობიექტს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, პროდუქციის ამოღება/გამოთხოვა დაევალა, რის აღსრულებაზეც ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს. ასევე, სააგენტოს ინსპექტორებმა, გადამოწმებისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებით აიღეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ , მოკვლევის მიზნით აღნიშნული ფაქტი სამართალდამცავ უწყებებს გადასცა. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.