თეგი: ჯანდაცვის პროგრამა
თბილისის მერიის ჯანდაცვის პროგრამების წლიური ბიუჯეტი 50 690 900 ლარია
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ჯანდაცვის მიმართულებით ცხრა მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს, რომლის წლიური ბიუჯეტი 50 690 900 ლარია. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროგრამების საშუალებით, უამრავ ადამიანს აქვს ხელშეწყობა და თანადგომა, როგორც მერიის შესაბამისი სამსახურების, ასევე რაიონული გამგეობების მხრიდან. „დედაქალაქის მერია ძალიან ბევრ პროგრამას ახორციელებს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. უამრავ ოჯახსა და ადამიანს ვეხმარებით და აქვთ ხელშეწყობა, როგორც მერიის შესაბამისი სამსახურების, ასევე, გამგეობების მხრიდან. კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ იცოდეთ – ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის გექნებათ, როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური მიმართულებით“, – აღნიშნა კალაძემ. თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია ჯანდაცვის პროგრამების შესახებ, რომლებსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს: 1. სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წელს დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც ყოველწლიურად, ერთ მოქალაქეზე 500 ლარის ღირებულების არამატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. პროგრამის ბიუჯეტი 10 000 000 ლარია. დღეისთვის პროგრამით 20 583–მა პენსიონერმა ისარგებლა. დაფინანსებულია 47 501 შემთხვევა. 2. მიმდინარე წელს „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით“ განსაზღვრულ მომსახურებას დაემატა მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება და დღეისთვის მერია 113 მოქალაქეს აფინანსებს. ერთი პაციენტისთვის წელიწადში 25 000 ლარია გათვალისწინებული, პროგრამის წლიური ბიუჯეტი კი 1 796 500 ლარს შეადგენს. 3. „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან 45 მოქალაქეს დაუფინანსდა ძვლის ტვინის გადანერგვა და მასთან დაკავშირებული კვლევები, ხოლო ხუთ მოქალაქეს ღვიძლის გადანერგვა. ძვლის ტვინის გადანერგვას მერია 10 000–დან 235 000 ლარამდე თანხით აფინანსებს, ხოლო ღვიძლის გადანერგვას 70 000 ლარით. პროგრამის ბიუჯეტია 8 000 000 ლარი. 4. „დაავადებათა სკრინინგის პროგრამის“ ფარგლებში, მერიამ 117 024 შემთხვევა დააფინანსა, მათ შორის, 101 865 შემთხვევას თბილისის მერიის ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგცენტრი მოემსახურა. დედაქალაქის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, კიბოს პრევენციის მიზნით, ჩაიტარონ სკრინინგი, რადგან დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა სიცოცხლის გახანგრძლივებისა და სრულად განკურნების საწინდარია. პროგრამის ბიუჯეტი 2 000 000 ლარს შეადგენს. 5. „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით“, ძვირადღირებულ პრეპარატებს 259 მოქალაქე იღებს. მედიკამენტები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის 100 პროცენტით, ხოლო სხვა შემთხვევაში 80 პროცენტით ფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი 6 540 000 ლარს შეადგენს. 6. დღეისთვის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით 1 550 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ მერიის პროგრამაში თავდაპირველად 325 ბავშვი და სერვისის განმახორციელებელი ორი დაწესებულება ჩაერთო. წლიდან წლამდე, ექვსჯერ გაზრდილი ბიუჯეტისა და მიმწოდებელი დაწესებულებების რაოდენობის მატების პარალელურად, პროგრამაში ჩართულ პირთა რიცხვი ხუთჯერ გაიზარდა. პროგრამის ბიუჯეტია 6 968 400 ლარი. 7. „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, 459–მა ბავშვმა და ზრდასრულმა ისარგებლა. პროგრამის ბიუჯეტი 800 000 ლარს შეადგენს. 8. თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ინფექციის მართვას ახორციელებს, მათ შორისაა, წითელა, წითურა, ყბაყურა, ტუბერკულოზი. ცენტრმა ამ მიმართულებით ათ თვეში 77 888 კვლევა ჩაატარა. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 586 000 ლარს. 9. თბილისის მერიისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეთა სამედიცინო საჭიროებებზე ზრუნვა და შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, წლის დასაწყისიდან 12 571 შემთხვევა დაფინანსდა. თბილისის მერია მოქალაქეთა მოთხოვნებს ოპერაციების, კვლევებისა და მედიკამენტების შესახებ, საქართველოსა და საზღვარგარეთ სრულად ან ნაწილობრივ აფინანსებს. უპირატესობა ენიჭებათ პრიორიტეტულ ჯგუფებს. ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებებში 12 431, ხოლო საზღვარგარეთ – 140 შემთხვევა დაფინანსდა. პროგრამის ბიუჯეტია 14 000 000 ლარი.