თეგი: ჯარედ კუშნერი
აბუდაბი-მოსკოვი-დუბლინი - როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი დღეს დილით მოსკოვში ჩავიდნენ. მათ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი. კუშნერი და უიტკოფი კრემლში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. „გვსურს, რომ მშვიდობა მარადიული იყოს,“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე განაცხადა. „რაც შეეხება მშვიდობის ხანგრძლივობას, მის სიმტკიცესა და საიმედოობას, ჩვენც გვსურს, რომ ეს მშვიდობა მარადიული იყოს,“ - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, იცის, რომ ტერიტორიულ საკითხებზე მხარეებს განსხვავებული ხედვები აქვთ. „ვიცით, რომ უკრაინული მხარე განსახილველად დღის წესრიგში ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხს აყენებს. ეს ყოველთვის განხეთქილების ვაშლი იქნება. ჩვენთვის ერთადერთი გამყოფი ხაზი სახელმწიფო საზღვარია. რადგან მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება: აქ ჩვენ ვართ, იქ კი თქვენ,“ - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინის თქმით, სხვა შემთხვევაში, ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხი მხარეებს შორის უთანხმოების მუდმივ მიზეზად დარჩება. რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვისთვის მიუღებელია უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსება. მისივე თქმით, უკრაინაში დისლოცირებული უცხოური სამხედრო ძალები რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ ჩაითვლება. თავის მხრივ, სტივ უიტკოფმა პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროპელები ფიზიკურად არაბთა გაერთიანებულ საემიროებში იმყოფებოდნენ. „მართალია, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან არ ისხდნენ, მაგრამ „ჩვენ მათ ვესაუბრებოდით და კონსულტაციებს გავდიოდით.“ „ჩვენ მათთან ვკონტაქტობდით და ვაწვდიდით ინფორმაციას ყველაფრის შესახებ, რასაც განვიხილავდით. ვფიქრობ, ზოგადად, ჩვენს შორის ძალიან, ძალიან კარგი კოორდინაცია იყო.“ „ევროპელების მხრიდან მნიშვნელოვანი ცვლილება დავინახეთ; ვფიქრობთ, არსებობს ძალიან ძლიერი იმპულსი და სურვილი, რომ ერთობლივად ვიმოქმედოთ. ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ მრავალმხრივ ფორმატზე გადასვლა ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარების პროცესში წინსვლას; გვჯერა, რომ ეს ომის დასრულებაშიც დაგვეხმარება,“ - განაცხადა ამასთან, ჯარედ კუშნერმა. მოსკოვიდან უიტკოფი და კუშნერი გაემგზავრებიან დუბლინში, სადაც დაგეგმილია მათი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. „თუ ამერიკაში ვიღაც გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც ფაქტობრივად, უკრაინულ ტერიტორიას ისე განიხილავს, თითქოს უკრაინული არაა, მაშინ ეს გვეუბნება, თუ სად მიდის საქმე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა. „ცხადად უნდა ვთქვათ, რომ არასდროს და არანაირად არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას,” - განაცხადა ზელენსკიმ. უფრო ადრე, 11 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას არ შეუძლია ომის შეწყვეტისთვის დონბასიდან გასვლაზე დათანხმდება, ვინაიდან ეს საკითხი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება. “ამერიკულ მხარეს ხშირად წამოუყენებია დონბასის, ჩვენი უკრაინული მიწის ნაწილის, თემა. და, რა თქმა უნდა, საკუთარი ყურადღების ფოკუსირებას ამაზე ახდენენ. ისინი ფიქრობენ, რომ ომის გასაჩერებლად ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გავიდეთ. ეს შეუძლებელია - ასეთი ფორმით გველაპარაკო, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება,” - განაცხადა ზელენსკიმ 11 ნოემბერს ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 11 ნოემბერს, აშშ-ის, უკრაინის და რუსეთის დელეგაციებმა აბუ-დაბიში დაასრულეს ორსაათიანი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც 2026 წლის თებერვლის შემდეგ პირველი იყო. პირველ დღეს, 10 ნოემბერს შეხვედრა დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა. უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი რუსტემ უმეროვი, რუსეთისას - პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის დელეგაციამ მოლაპარაკება გააგრძელა ევროპელ პარტნიორებთან, რომლებსაც აბუ-დაბიში 10 ნოემბერსაც შეხვდნენ. ისევ მოსთხოვა თუ არა რუსეთმა უკრაინას დონბასიდან გასვლა აბუ-დაბიში, აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის დელეგაციის წევრმა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა არ უპასუხა ჟურნალისტების ამ შეკითხვას. ბუდანოვის თქმით, მოლაპარაკებების დროს დასმული საკითხები მოლაპარაკებების თემაა, მნიშვნელოვანი მხოლოდ შედეგია და როცა შედეგი მიღწეული იქნება, ეს საჯაროდ გამოცხადდება. კიევის დელეგაციის წევრმა, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ განაცხადა, რომ არის „კარგი იმპულსი“ გადაწყვეტილებების მოსაძებნად ახალი წლის დადგომამდე. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა რუსტემ უმეროვმა მთავარ შედეგად დაასახელა შეთანხმება „ტყვეთა დიდი გაცვლის“ შესახებ. უმეროვის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა დეტალების შესათანხმებლად და პრაქტიკული რეალიზაციისთვის. უმეროვის განცხადებით, აბუ-დაბიში სამმხრივი ფორმატით განიხილეს მშვიდობის მიღწევისა და ომის შემდგომი აღდგენის საკითხები და ამ გზაზე პირველი ნაბიჯები უნდა იყოს ომის შეწყვეტა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. კიევის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ორი დღის განმავლობაში მხარეებმა წარმოადგინეს პოზიციები საკითხებზე, რომლებზეც არსებითი უთანხმოებებია, წინ დიდი და რთული სამუშაოა და არსებობს მოლაპარაკების პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა. ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ ცენტრალური თემა იყო უსაფრთხოების ევროპული სისტემა: „გავცვალეთ პოზიციები. სადღაც ვიპოვეთ ურთიერთგაგება, სადღაც - არა. ეს საუბარი გაგრძელდება. მსოფლიოს სჭირდება უსაფრთხოების ახალი, თანამედროვე, განახლებული სისტემა, რომელიც არ დააზარალებს ცალკეულ ქვეყნებს. ამაზე ვიმუშავებთ.“ მედინსკიმ მოლაპარაკებების დეტლები არ დააკონკრეტა იმ მოტივით, რომ ვიდრე საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის, დეტალები არასდროს განიხილება. პუტინის თანაშემწის ინფორმაციით, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ტყვეთა „მასშტაბურ გაცვლაზე", რომლის პარამეტრები უახლოეს ხანში გამოცხადდება. 11 ნოემბერს, სამმხრივი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ აბუ-დაბიში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო და განიხილეს რთული თემებიც. მან ყველაზე რთულ საკითხად დაასახელა ტერიტორიები. სტივენ უიტკოფის ინფორმაციით, აბუ-დაბიში ძალიან პროდუქტიული დისკუსიები ჰქონდათ ევროკავშირისა და NATO-ს წარმომადგენლებთანაც. ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს სურთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპელებს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობის ნება დართოს. ასევე, წყაროს თქმით, აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს, აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები „დაძაბული და ემოციური იყო.“ Axios-ის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში იმის გამო შეიჭრა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წელს მის მიერ გაგზავნილ წერილს არ უპასუხა. წყაროების ცნობით, პუტინი წერილში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თავის შეშფოთებებზე საუბრობდა. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, კუშნერმა და უიტკოფმა რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ მსოფლიო 2021 წლის შემდეგ ძალიან შეიცვალა. კუშნერმა და უიტკოფმა რუსულ მხარეს შესთავაზეს, რომ ახალი წინადადება მოამზადონ, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მათ მოთხოვნებს მოიცავს, ასევე, მოიცავს დეესკალაციისთვის ნაბიჯებს, რომლის გადადგმისთვისაც კრემლი მზად არის, რათა ევროპა დაარწმუნოს, რომ მომავალში თავს არ დაესხმება.~ გამოცემის წყაროს ცნობით, აშშ-მა ევროპის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთთან უსაფრთხოების საკითხზე გარიგებას უკრაინისა და ევროპის მხარდაჭერის გარეშე არ დათანხმდება. ასევე, წყაროს თქმით, აშშ ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას რუსეთს ვეტოს უფლებას არ მისცემს.