თეგი: ჯარში გაწვევა
ჯუანშერ ბურჭულაძე: სავალდებულო ჯარში გაწვევის გადავადება ერთი წლით, 10 000 ლარით განისაზღვრა
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეზე ისაუბრა. მისივე თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა, ერთი წლით გადადების შემთხვევაში 10 000 ლარით განისაზღვრა. „გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის 10 000 ლარით განისაზღვრა. გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება. მაგალითად, შესაძლოა, იყოს ადამიანი, ვისაც მიზეზი არ გააჩნია, თუმცა არ მოხვდეს სავალდებულო ჯარის გასაწვევთა სიაში. 10 000 ლარის სანაცვლოდ ერთი წლის გადავადების შემდეგ, ისევ მოხდება ამ პირის ჯარში გაწვევა“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. „სამი წელი ინტენსიურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი სამართლიანი ყოფილიყო, რასაც მაქსიმალურად მივაღწიეთ. მე გამაკრიტიკეს სავალდებულო ჯარი რომ არ მაქვს გავლილი, მაგრამ მქონდა ობიექტური მიზეზი - ვიყავი მრავალშვილიანი და სტუდენტობისას სამხედრო კათედრა გავიარე. უკვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები გადავადების შესახებ ძალაში რჩება, როგორიცაა: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები და სხვა“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.