თეგი: ჯიმ ო'ბრაიენი

მთავრობა: ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს კანონის მიღების საჭიროება განუმარტა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო'ბრაიენს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა „გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის, საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე. პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს. ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. მანამდე, 13 მაისს, ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა. ჯეიმს ო'ბრაიენი მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. დღეს, 14 მაისს, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო, ხალხმრავალი პროტესტის გამომწვევ კანონპროექტს პლენარულ სესიაზე, მესამე - საბოლოო მოსმენით მიღებას გეგმავენ. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.  

ირაკლი კობახიძე: ჯიმ ო'ბრაიენთან ორსაათნახევრიან შეხვედრაზე სანქციები ნახსენები არ ყოფილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით. კობახიძის თქმით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აშშ-მ სანქციები დაუწესა ქართველ მოსამართლეებს, მხოლოდ ოფიციალური ვაშინგტონის რეპუტაცია დაზიანდა და ასევე მოხდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში. „პირველ რიგში, კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ სანქციები არავითარი ფორმით არ იყო ნახსენები ორსაათნახევრიან შეხვედრაზე, რომელიც შედგა ჩვენს შორის, რაც შეეხება ბრიფინგს, ეს ბრიფინგი მე მოვისმინე, თუმცა სანქციები ნახსენები არ იყო ორმხრივ შეხვედრაზე არავითარი ფორმით. ჩვენ გვქონდა განხილვა დე ფაქტო სანქციებზე, რომელიც არის დაწესებული უკვე ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თუმცა ფორმალურ სანქციებზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი ამ შეხვედრაზე. პრინციპში, თუ რაიმე განცხადება უნდა გაკეთდეს მოგვიანებით, სჯობს, რომ ორსაათნახევრიან შეხვედრაზე რაიმე მინიშნება მაინც მოგვცენ ამასთან დაკავშირებით. ეს ეტიკეტის საქმეა, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე, მით უმეტეს, რომ აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით. ზოგადად თუ საუბარია ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, ასეთ პირობებში ასეთი არასერიოზული თემების წამოწევა არის მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული, შემიძლია, ცალსახად გითხრათ. პრაგმატულად მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი იქნება სანქციების დაწესება სანქციის დამწესებლისთვის - თქვენ გახსოვთ მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესდა ე.წ. სანქციები, სავიზო შეზღუდვები და ამან დააზიანა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია. ვერავითარი ზიანი ამან ვერ მიაყენა მოსამართლეებს, მაგრამ სერიოზულად დაზიანდა აშშ-ის რეპუტაცია, როდესაც ყოველგვარი მტკიცებულებების, დასაბუთების გარეშე დასანქცირდნენ მოსამართლეები, მაშინ როდესაც, მოსამართლე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყველაზე მკაცრად უნდა იყოს დაცული სანქციებისგან. შეილახა სერიოზულად აშშ-ის რეპუტაცია იმით, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ მოსამართლეებს. ასეთი არასერიოზული ნაბიჯი კიდევ ერთხელ თუ გადაიდგმება, ეს დააზიანებს არა სანქცირებულს, არამედ სანქციის დამწესებელს, იმიტომ, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენ არ გვინდა, რომ აშშ-ს რეპუტაცია დაზიანდეს და ჩვენი მოწოდებაა პარტნიორების მიმართ, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე. ეს, პირველ რიგში, სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი, ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, კიდევ უფრო მეტად გამყარდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას პრაგმატულობისკენ მოვუწოდებ,“ - განაცხადა კობახიძემ. კობახიძის განცხადებით, მან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დე ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამ დეტალების გასაჯაროებას არ აპირებს, რადგან არ სურს, დააზიანოს მათ შორის, პარტნიორების რეპუტაცია. „დეტალებს ვერ ვიტყვი. 2008 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა მას შემდეგ, რაც მან სააკაშვილს ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი. ეს იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ, ასევე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ და უშუალოდ უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაში გაიყინა მისი ანგარიში, რასაც მოჰყვა სხვა ნაბიჯები. ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება, რომ ჰქონდეს შესაბამისი აღქმა დე-ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით. ბევრი დეტალია ამის უკან, რაც იძლევა მყარი აღქმის არსებობის უფლებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დე-ფაქტო სანქცია, რომელიც დაწესდა იმის საპირწონედ, რომ თავის დროზე, კონკრეტულ, ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯზე არ წავიდა ბიძინა ივანიშვილი. დღეს, ჩვენს შეხვედრაზე ფორმალურ სანქციებზე არ ყოფილა საუბარი. ეს არ ყოფილა საუბრის საგანი ჩვენს შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დიალოგი შედგა, 2.5 საათი და სანქციები არ იყო ნახსენები,“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილმა 2 მილიარდი დოლარი "დასავლეთს ანდო", თუმცა ეს თანხა "გლობალური ომის პარტიის ხელში აღმოჩნდა." ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა კობახიძის მიერ ასევე გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თხოვნაზე პრემიერისგან მიიღეს უარი იმ მიზეზით, რომ ის დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება. თუმცა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ ივანიშვილი სანქციების ქვეშ არ იმყოფება და სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორ ინფორმაციას ფლობს. „ჩვენ გვქონდა წინასწარი კავშირი პრემიერ-მინისტრთან, მივიწვიეთ ის აშშ-ში, შეხვედრები იყო ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდანაც. სანამ აქ [თბილისში] ჩამოვიდოდით, გამოვთქვით ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი. პასუხი იყო ასეთი, რომ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქცირების ქვეში. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არაა დაწესებული. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა. ეს მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის წინაშე ვალდებულებაზე წინ, რაც გაწერილია კონსტიტუციაში. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კანონის შესახებ მსჯელობა და საუბარი მხოლოდ ერთი მიმართულებაა, თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან საგულისხმოა და უნდა შევეცადოთ, არ შეიცვალოს ის კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც არსებობს," - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. თბილისში ვიზიტით მყოფი ო'ბრაიენი შეზღუდვებს აანონსებს, თუ კანონი არსებული ფორმით შენარჩუნდება რას ამბობს ჯეიმს ო'ბრაიენი „გლობალური ომის პარტიის“ „კონსპირაციის თეორიებზე“  

ჯიმ ო'ბრაიენი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა თუ იქნება, შუა აზიიდან ხმელთაშუა ზღვისკენ სავაჭრო გზის გაყვანა გახდება შესაძლებელი

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა „რადიო თავისუფლების“ სომხურენოვან ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა თუ იქნება, შუა აზიიდან ხმელთაშუა ზღვისკენ სავაჭრო გზის გაყვანა გახდება შესაძლებელი. „ჩვენი აზრით, არსებობს შესაძლებლობა – რომელიც თაობაში ერთხელ ან, შესაძლოა, რამდენიმე თაობაში ერთხელ ჩნდება ხოლმე – ავაშენოთ სავაჭრო გზა ცენტრალური აზიიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობა იქნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა. კითხვას, იქნება თუ არა შეერთებული შტატები მზად, იმოქმედოს, როგორც ორ მხარეს შორის შეთანხმების გარანტორმა, ო’ბრაიენმა უპასუხა, რომ აშშ-თვის არცერთ მხარეს არ უთხოვია ამ როლის შესრულება. „ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა მიაღწიეს. რეალურად, ამ ორი მხარის გადასაწყვეტია, შეგვეძლება რაიმე როლის შესრულება თუ საერთოდ არანაირი როლი არ დაგვეკისრება. ჩვენ არ ვცდილობთ, ჩავერიოთ პროცესებში ან ვიმოქმედოთ, როგორც ზესახელმწიფომ რეგიონში,“ – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა. ასევე წაიკითხეთ: Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან