თეგი: ჯო ბასი
ვიქტორია ნულანდი თანამდებობას ტოვებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდი თანამდებობას უახლოეს კვირებში დატოვებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ბლინკენმა გამარტა, რომ ვიქტორია ნულანდმა მას გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე ვიქტორია ნულანდის კანდიდატურა 2021 წლის აპრილში დაამტკიცეს. ნულანდი 2005-2008 წლებში ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის დროს, აშშ-ის ელჩი იყო NATO-ში. ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენლად მუშაობდა, ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას შემდეგ კი, 2013 წელს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. ნულანდი აქტიური იყო 2014 წელს უკრაინის მოვლენებში, როცა ის შეხვდა პროდასავლურად განწყობილ დემონსტრანტებს კიევში. ვიქტორია ნულანდი კიევში ბოლოს მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს იმყოფებოდა. რაც შეეხება მის შემცვლელს, პოლიტიკურ საკითხებში მდივნის მოადგილის მოვალეობას ჯონ ბასი შეასრულებს, რომელიც მენეჯმენტის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა და მე ვთხოვეთ ჩვენს მოადგილეს მენეჯმენტის საკითხებში ჯონ ბასს, შეესრულებინა პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობა, ვიდრე ვიქტორია ნულანდის შემცვლელი დაინიშნება,“ აღნიშნა ბლინკენმა. ჯონ ბასი 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, ის იყო ელჩი ავღანეთსა და თურქეთში. ის მსახურობდა უცხოეთში აშშ-ის შვიდ მისიაში და მუშაობდა მაღალ პოზიციებზე სახელმწიფო დეპარტამენტში.