თეგი: ჰელგა შმიდტი

ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდტს მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის ფარგლებში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. მათ შორის, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და პროგრესის მიღწევის აუცილებლობას მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე. "აღინიშნა ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეუფერხებელი ფუნქციონირების აუცილებლობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლსა და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში და საქართველოს მზადყოფნას გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის პროცესში. ხაზი გაესვა ეუთოს ინსტიტუტებთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას და პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ორგანიზაციის სამდივნოსთან, ისე შესაბამის ინსტიტუტებთან. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს საკითხის ორგანიზაციის მაღალი დონის პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიური შენარჩუნებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.